პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტის წინააღმდეგ

ქართული ოცნება საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუვიის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს". ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერები უახლოეს დღეებში შეგროვდება და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი წარდგინება შევა.

"საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს - ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და დღეს ჩვენ არაერთელ აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა, შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. 

უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე, ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუვიის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასცა ჩვენ ვერ დავუშვებთ.

გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს ინტერესების, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული" - თქვა კობახიძემ.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი ევროპული ვიზიტი კონტრპროდუქტიულიაკანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს მთავრობისგან რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მიღებას უკავშირდება. კერძოდ, მისი პოზიციაა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მეტიც, მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ახლაც მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც ნიშნავს, რომ მისი აზრით, საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც ახლა იმსახურებს.

ამგვარი დამოკიდებულების ფონზე, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი ევროპული ვიზიტი კონტრპროდუქტიულია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, და პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საქართველოს მიენიჭოს აღნიშნული სტატუსი.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის უარი პრეზიდენტის დაგეგმილ ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით, დასაბუთებულია როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით" - ამბობს ირაკლი კობახიძე.


დღეს, პირველ სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. 31 აგვისტოს კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები გერმანიის პრეზიდენტთან ვიზიტით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უარი როგორც გერმანიაში, ისე უკრაინაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში დაგეგმილ ვიზიტებზე უთხრა. 

კომენტარები