ქართული ოცნება

კობახიძე ზურაბიშვილზე: იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება, მას კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედი აქვს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავრობის ნებართვის გარეშე სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტთან დაკავშირებით ამბობს, რომ პრეზიდენტს "კოლექტიური ნაცმოძრაობის" იმედი აქვს. კობახიძის აზრით, სხვა შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი "კონსტიტუციას ასე უხეშად არ დაარღვევდა". ქართული ოცნების თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ  პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტში 100 ხმა სჭირდება.

"ცხადზე ცხადია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა. ზურაბიშვილს ამ კონსტიტუციაზე ფიცი აქვს დადებული, თუმცა, მას უხეშად არღვევს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე მოვლენაა და ამაზე ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვჭირდება. ამას, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ [...]

ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს უპირისპირდება. მნიშვნელობა არ აქვს, ევროინტეგრაციის საპირისპირო განცხადებებს ის საქართველოს პარლამენტის შენობაში გააკეთებს, თუ საგარეო ვიზიტის განხორციელების დროს. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ეს ინფორმაცია ისედაც მიდის [...]

თქვენ იცით, რომ იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება და, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედი აქვს. რა თქმა უნდა, ამ გარანტიის გარეშე ის საქართველოს კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა. ზურაბიშვილს გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან აქვს. სალომე ზურაბიშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას საერთო პატრონები ჰყავთ და მას გარანტიები მათი მხრიდან აქვს მიღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გარისკავდა და კონსტიტუციას ასე უხეშად არ დაარღვევდა. საზოგადოება მეტ-ნაკლებად უკვე გათვითცნობიერებულია იმაში, თუ ვის შეიძლება, ამაში ვგულისხმობდეთ. ეს არის გლობალური ომის პარტია". - თქვა კობახიძემ.

31 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ფოტო ატვირთა, სადაც მისი და გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა იყო ასახული, თუმცა, მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა.

საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა და განმარტა, რომ პრეზიდენტს უარი გერმანიის გარდა, უკრაინაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში დაგეგმილ ვიზიტებზეც უთხრეს. საქართველოს მთავრობა შეახსენებს სალომე ზურაბიშვილს, რომ "ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება მთავრობის უფლებამოსილებაა".

"შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა". - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად დაიწყო. 

კომენტარები