რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ გერმანიისგან Leopard 1A5-ის ტიპის ტანკების მორიგი პარტია მიიღო

გერმანიის არმიის Leopard 1A5-ის ტიპის ტანკი 2015 წლის წვრთნებზე

გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ განცხადება გაავრცელა.

კერძოდ, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს Leopard 1A5-ის ტიპის ტანკებსა და TRML-4D-ის ტიპის სარადარო საჰაერო სათვალთვალო სისტემას.

უკრაინამ Leopard-ის ტიპის 10 ტანკი გერმანიისგან გასულ კვირას მიიღო, ხოლო ბერლინმა კიევს დამატებით 10 ტანკი მანამდე გადასცა. 

გარდა ამისა, გერმანიისგან პირველი საჰაერო სათვალთვალო რადარი უკრაინამ მაისში, ხოლო მეორე ივნისში მიიღო. 

TRML-4D-ის სისტემა იყენებს უახლეს AESA სარადარო ტექნოლოგიას, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს, თვალყური ადევნოს სხვადასხვა ტიპის საჰაერო სამიზნეებს, ფოკუსირდეს მცირე, სწრაფ და დაბალ სიმაღლეზე მფრინავ საკრუიზო რაკეტებზე, თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებზე.

ამასთანავე, ახალ პაკეტში გერმანიამ უკრაინას გადასცა დამატებით Vector-ის ტიპის 16 სადაზვერვო დრონი (ჯამში 104), ოთხი 8х8 HX81 გამწევი, ცეცხლსასროლი იარაღისთვის 13 მილიონ ტყვიაზე მეტი და საველე ჰოსპიტალი.

აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გერმანია უკრაინას დამატებით Leopard 1-ის ტიპის 30 ტანკს გადასცემდა. გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა ისინი ბელგიისგან იყიდა.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, გერმანიამ მიმართა საბერძნეთს წინადადებით, რომ უკრაინისთვის Leopard 1A5-ის ტიპის 100 ბერძნული ტანკი, განახლებული ჯავშანტექნიკის სანაცვლოდ, გადაეცა. 

კომენტარები