თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო: ავიაციის პარკს კიდევ ერთი განახლებული სუ-25 შეემატა

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე განახლებულ Су-25-ში. 2023 წლის 26 აგვისტო.
თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, განახლდა Су-25-ის ტიპის კიდევ ერთი მოიერიშე თვითმფრინავი და ავიაციის პარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს.

განახლებული თვითმფრინავის სატესტო ფრენაში მონაწილეობა მიიღო თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.

"ავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე იმყოფებოდა და საავიაციო საშუალებების განვითარების პროცესს გაეცნო. თავდაცვის მინისტრი სასწავლო პროცესსაც დააკვირდა და განახლებული საფრენი აპარატის სატესტო ფრენას წყვილში შეუერთდა". – წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია დელტასა და თბილავიამშენის თანამშრომლობით ამ დროისთვის განახლდა უკვე 7 ერთეული Су-25 და ამჟამად მიმდინარეობს სასწავლო-საბრძოლო L-39-ის ტიპის თვითმფრინავების რემონტიც.

"სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, უკვე გაიმართა 7 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 3 ერთეული L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო საფრენი აპარატების რემონტზე. საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადებას გადიან". – ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრომ ავიაციის განახლება 2019 წელს დაიწყო. 2022 წლის 19 სექტემბერს, ავიაციის დღეს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობდა, რომ განახლებული იყო 6 ერთეული Су-25, ასევე Ми-24-ისა და იროკეზის ტიპის სამ-სამი ვერტმფრენი.

Су-25 საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილებაში არსებული ერთადერთი მოიერიშე თვითმფრინავია.

საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო წლების შენაძენებისა და განახლებების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ – რა მდგომარეობაშია საქართველოს თავდაცვის ძალები? – ხარჯები, შენაძენები და წარმოება.

კომენტარები