საქართველოს თავდაცვის ძალები

რა მდგომარეობაშია საქართველოს თავდაცვის ძალები? – ხარჯები, შენაძენები და წარმოება

საქართველოს თავდაცვის ძალები

რა მდგომარეობაშია საქართველოს თავდაცვის ძალები? – ხარჯები, შენაძენები და წარმოება

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მეზობლებმა საკუთარ თავდაცვის შესაძლებლობებს გადახედეს და ზოგიერთმა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად აქტიური ნაბიჯების გადადგმაც დაიწყო. გეოპოლიტიკური სიტუაცია იმდენად შეიცვალა, რომ მაგალითისთვის, ფინეთმა საკუთარი ნეიტრალური პოლიტიკის გზიდან რადიკალურად გადაუხვია და რამდენიმე თვეში NATO-ს წევრი გახდა, ხოლო აღმოსავლეთში იაპონიამ აქტიურად დაიწყო საკუთარი თავდაცვის სტრატეგიის ცვლილებასა და სამხედრო ხარჯების ზრდაზე ფიქრი, დაიწყეს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაც. ამ სურათის გათვალისწინებით, აქტუალური ხდება საკითხი, რა მდგომარეობაშია საქართველოს თავდაცვის ძალები.

თავდაცვის ხარჯები

პირველ რიგში, საინტერესოა ბოლო ათწლეულის განმავლობაში როგორ იცვლებოდა თავდაცვის ხარჯები. ამ ბიუჯეტზე საუბრის დროს მნიშვნელოვანია, რომ ვალუტის კურსის ცვლილებამ შეცდომაში არ შეგვიყვანოს და წლის მიმდინარე ფასებსა და ფულის რეალურ ღირებულებას, მსყიდველობით უნარს შორის განსხვავება დავინახოთ. სწორედ ამიტომ, ამ მონაცემების შედარების დროს, რეალური სურათის შესაქმნელად, საჭიროა რომელიმე კონკრეტული წლის კურსის რეალური ფასის აღება. მსგავს საზომად სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტს (SIPRI) ბოლო მონაცემებში გამოყენებული ჰქონდა აშშ დოლარის რეალური ღირებულება 2021 წლის მონაცემებით.

თავდაცვის ხარჯების შედარება ლარებსა და 2021 წლის დოლარის რეალურ ფასში

SIPRI-ის მონაცემებით, მაგალითისთვის, 2022 წელს, ბოლო 13 წელში პირველად, თავდაცვის ბიუჯეტმა მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს, ნომინალურად, 2009 წლიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელია, თუმცა, რეალურად, 2022-ში გამოყოფილი თანხა ლარებში საკუთარი რეალური ფასით იმაზე დაბლა იდგა, ვიდრე წინა 6 წელს გაწერილი თავდაცვის ბიუჯეტი. აშშ დოლარის 2021 წლის რეალური ფასით 2022 წელს გამოიყო 292.7 მილიონი დოლარი, ხოლო 2016-2021 წლებში გამოყოფილი თანხები, ამავე პრინციპით, 300 მილიონ დოლარზე ნაკლები არ ყოფილა.

ფაქტობრივად, 2016 წლის შემდეგ თავდაცვის ხარჯები რეალურად არ იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ვითარება ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე, ყარაბაღის 2020 წლის კონფლიქტის დროს დაიძაბა, მნიშვნელოვანი ზრდა არც 20-იანი წლების დასაწყისიდან ჩანს.

მნიშვნელოვანია თავდაცვის ხარჯების შედარება მთლიანი შიდა პროდუქტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის წილთან მიმართებაშიც. SIPRI-ის მონაცემთა ბაზაში ეს დეტალებიც მოცემულია.

მონაცემებიდან ჩანს, რომ 2008 წლიდან დაწყებული თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან მიმართებაში, ფაქტობრივად ყოველწლიურად მცირდებოდა, 2 წლის გარდა. ამ წლებშიც, 2016-სა და 2020 წლებში, ზრდა ძალიან მცირე იყო.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს დასაფინანსებლად, 2008 წლის შემდეგ, ახალი რეკორდული წილი – 1 მილიარდ 260 მილიონი გამოიყო. 2022-თან შედარებით, ეს შესამჩნევი ზრდაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ლარის კურსი გამყარებულია, თუმცა არის თუ არა ეს მატება საკმარისი თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად, ეს ცალკე საკითხია.

რას ყიდულობს ქართული ჯარი

თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია საჭირო სისტემებისა და ჯავშანტექნიკის შეძენა, არსებული ტექნიკის განახლება. ამ მხრივ ბოლო წლებში შეინიშნება, რომ საქართველოს მიერ შეიარაღების, მათ შორის თავდაცვითი სისტემების შეძენის აქტიურობა საკმაოდ დაბალია.

SIPRI-ის მონაცემებით, 2012-2022 წლებში საქართველომ შეიარაღება შეიძინა ბულგარეთისგან, საფრანგეთისგან და აშშ-სგან. ამას გარდა, თბილისი ამერიკისგან ცალკე დახმარებასაც იღებდა.

2013 წელს საქართველომ ბულგარეთისგან მიიღო Т-72-ის ტიპის ტანკის მოდერნიზებული ვერსია – T-72M1. შენაძენი მხოლოდ 5 ტანკი იყო.

T-72M1-ის ბაზაზე მოდერნიზებული ქართული ძირითადი საბრძოლო ტანკი T-72Sim1 ვაზიანის ბაზაზე, ღირსეული პარტნიორი 2017-ის წვრთნებზე.
SGT Kalie Jones

2015 წელს საქართველოსა და საფრანგეთს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის შედეგადაც თბილისმა 2018 წელს მიიღო 3 საჰაერო სამძებრო რადარი: 2 ერთეული Ground Master 200 და ერთი Ground Master 400, ასევე Mistral-ის ტიპის გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემის 20 ერთეული. შეთანხმება 50 მილიონი ევროს ღირებულების იყო.

გასულ წლებში საქართველოს მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევდა აშშ. 2014 წელს თბილისმა ვაშინგტონისგან Cougar-ის ტიპის 10 ჯავშანტრანსპორტიორი მიიღო. აშშ-მ 2015 წელს გადმოგვცა Island-ის ტიპის, სავარაუდოდ, მოდერნიზებული 2 საპატრულო კატერი, რომლებიც 2017-ში მივიღეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამერიკის მიერ საქართველოსთვის ჯაველინების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით დახმარება. 2018-2019 წლებში საქართველომ აშშ-სგან დახმარების სახით ჯაველინის სისტემის 410 ერთეული მიიღო. ამას გარდა, თავდაცვის ძალები იღებდა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღსაც.

აღსანიშნავია, რომ SIPRI-ის მონაცემებში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მხრიდან მხოლოდ ერთი შენაძენი ფიქსირდება. 2022 წელს საქართველომ შეერთებული შტატებისგან 26 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემის 82 ერთეული შეიძინა.

SIPRI-ის მონაცემებში არაა ნახსენები საქართველოს მიერ ესპანური დრონების შეძენის ფაქტი. 2020 წელს მარნეულის საჰაერო ბაზაზე გამოცადეს ესპანური წარმოების დრონები, რომელთა ერთ-ერთი ფუნქციაც თავდაცვის ძალებისთვის სადაზვერვო მოქმედებების შესრულებაც იყო.

იმ მოვლენების ფონზე, რაც გასულ 10 წელში ხდებოდა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეძენილი ტექნიკა თავდაცვისუნარიანობის სათანადოდ ასამაღლებლად საკმარისი არაა. მთავარი საზრუნავი, როდესაც რუსეთის მხრიდან მომავალი სამხედრო საფრთხე არსებობს, საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესება უნდა იყოს. ამ მხრივ კი მხოლოდ სამი რადარისა და ოდნავ მოძველებული Mistral-ის რაკეტების შეძენა საკმარისი არაა.

ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტრომ 2020 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რომ ისრაელის კომპანია რაფაელთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც განახლდებოდა და მოდერნიზაცია ჩაუტარდებოდა თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვით დანადგარებს. სავარაუდოდ საუბარი იყო SPYDER-ის ტიპის საზენიტო სისტემაზე, რომელიც თბილისმა 2008 წელს ისრაელისგან მიიღო. 2021 წლის მაისში თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობდა, რომ წლის ბოლომდე რაფაელი საქართველოს მფლობელობაში მყოფ საჰაერო სისტემებს მოდერნიზაციას ჩაუტარებდა, თუმცა ამ დრომდე არ გავრცელებულა ცნობა, მიიღო თუ არა თბილისმა გაუმჯობესებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. ამას გარდა, თავდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ იგეგმებოდა თანამედროვე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენაც, რათა მათი მეშვეობით სამანევრო ქვედანაყოფები აღეჭურვათ, თუმცა ამ დაპირებასთან დაკავშირებით ასევე არაფერი ისმის.

SPYDER-ის სისტემა ქართული ავიაციის დღეზე, 2022 წლის 19 სექტემბერი.
თავდაცვის სამინისტრო

ადგილობრივი წარმოება

შენაძენების გარდა, მნიშვნელოვანია ყურადღების დათმობა ადგილობრივი წარმოებისთვისაც, რადგან კომპანია დელტა გასულ წლებში რამდენიმე პროექტზე მუშაობდა, როგორც ახალი პროდუქტის წარმოებაზე, ისე არსებული ტექნიკის განახლებაზე.

პირველ რიგში, როგორც ზემოთ იყო ნახსენები, რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის საჭიროების შექმნის შემთხვევაში, ფაქტობრივად გადამწყვეტი იქნება საჰაერო სივრცის კონტროლი, რისთვისაც არამხოლოდ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, არამედ ეფექტიანი საჰაერო ძალებიც საჭიროა. 2019 წელს თავდაცვის სამინისტრომ ავიაციის განახლების პროცესი დაიწყო, რომლის შედეგადაც, როგორც უწყების მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე 2022 წლის 19 სექტემბერს, ავიაციის დღეს ამბობდა, განახლდა 6 ერთეული მოიერიშე თვითმფრინავი Су-25, 3 ერთეული Ми-24-ის ტიპის ვერტმფრენი და იროკეზის ტიპის სამი ვერტმფრენი. გაუმჯობესებაში მონაწილეობა დელტამ და თბილავიამშენმა მიიღეს. განახლების მიუხედავად, ამ ტიპის თვითმფრინავები და ვერტმფრენები საქართველოს თავდაცვის ძალებს შეზღუდული, მცირე რაოდენობით აქვს. Су-25-ები, რომლებიც თანამედროვე თვითმფრინავებს ეფექტიანობით ჩამორჩება, საქართველოს საჰაერო ძალების ერთადერთი მოიერიშე თვითმფრინავია.

მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ადგილობრივი წარმოების სახმელეთო ტექნიკას. კომპანია დელტა 2011 წლიდან მუშაობდა ორ პროექტზე: ჯავშანტრანსპორტიორ დიდგორსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანა ლაზიკაზე. დიდგორის ბაზაზე კომპანიამ უკვე რამდენიმე ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროდუქტმა ექსპორტზე გასვლაც შეძლო. მისი მედევაკის ვარიანტის 100 ერთეული საუდის არაბეთმა შეიძინა. არსებული მონაცემებით, შეიძლება ითქვას, რომ ამ მანქანების ქმედითუნარიანობა საკმაოდ დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს.

2020 წლიდან დაწყებული საქართველოს თავდაცვის ძალებმა დიდგორის დაახლოებით 53 ერთეული მიიღო. აქედან 40-მდე ერთეული, როგორც მედევაკის, ისე მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები, 2020 წელს მიიღეს. 2022 წლის თებერვალში საქართველოს თავდაცვის ძალებმა მიიღო დელტას წარმოებული კიდევ 7 დიდგორის ტიპის მრავალმიზნობრივ პლატფორმაზე შექმნილი სპეციალიზებული კავშირგაბმულობის მანქანა. ამავე წლის მაისში მოხდა 6 ერთეული დიდგორი მედევაკის გადაცემაც. რაც შეეხება ლაზიკას ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანას, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი ჯერ კიდევ 2012 წელს იყო წარდგენილი, ამ დრომდე რთულია თქმა მათი ზუსტი რაოდენობის.

დიდგორის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები.
დელტა

დიდგორის ჯავშანტრანსპორტიორი თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად გარკვეულწილად საინტერესო პროექტი ჩანს, რადგან მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც საბრძოლო მოქმედებებსა და ლოგისტიკის პრობლემების გადაჭრაში, ისე სამედიცინო დანიშნულებით. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ, სათანადო საჰაერო თავდაცვის გარეშე, ყველაფერი, რაც შეიძლება ხმელეთზე, ბრძოლის ველზე ეფექტიანად იქნეს გამოყენებული, მოწყვლადი გახდება.

კომპანია დელტა მუშაობს საბჭოთა ტექნიკის მოდერნიზაციაზეც. ამ პროექტების ფარგლებში შეიქმნა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რს-122, რომელიც დაფუძნებულია БМ-21 გრადის ბაზაზე. ეს სისტემები, როგორც ჩანს, თავდაცვის ძალებს ასევე შეზღუდული რაოდენობით აქვს. პირველი პროტოტიპი დელტას მიერ 2011 წელს შეიქმნა, 2012-ში კი წარადგინეს. ბოლო წლებში თავდაცვის ძალებს დამატებითი მოდერნიზებული ზცრს-ები არ მიუღია. წარმოების შესაძლებლობის მიუხედავად, როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტრო ბოლო წლებში მხოლოდ დიდგორის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს უკვეთდა.

თანამედროვე ბრძოლის ველზე დიდი მნიშვნელობა შეიძინა უპილოტო საფრენმა აპარატებმა, როგორც დაზვერვითმა, ისე ე.წ. კამიკაძე დრონებმა. დელტას წარმოებამ გასულ წლებში ამ მიმართულებით განვითარება დაიწყო. 2022 წელს, დაფუძნდა ქართულ-პოლონური კომპანია დელტა-ვებე. დაიწყო საწარმოს მშენებლობაც. საწარმოს პროდუქტების, სადაზვერვო FLYEYE-სა და კამიკაძე WARMATE-ის პრეზენტაცია 2023 წლის 27 იანვარს შედგა. ორივე ტიპის დრონი არაა ახალი პროექტი და პოლონური WB Electronics-ის პატენტია. ამის მიუხედავად, უპილოტო საფრენი აპარატების ადგილობრივი წარმოება თუ სწრაფი ტემპითა და დიდი რაოდენობით დაიწყება, თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად სასარგებლო ნაბიჯი იქნება. მთავრობა აცხადებდა, რომ ამ დრონების მასობრივი წარმოება 2023 წლის ზაფხულში დაიწყებოდა და ათასობით მსგავსი დანადგარის შექმნა იგეგმებოდა. რა თქმა უნდა, მსგავსი საწარმო ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია, თუმცა საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილებამ, შესაძლოა, მსგავს პროექტებს პოტენციური საფრთხე შეუქმნას.

არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საჭიროა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის აქტიური ზრდა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი წარმოება და პარტნიორთა დახმარების იმედად ყოფნა საკმარისი არაა. თავდაცვის ძალებს სჭირდებათ შედარებით თანამედროვე სისტემები, პირველ რიგში, ჰაერის გასაკონტროლებლად. საჰაერო ძალების გარდა, საფრთხე მოდის რუსეთის შავი ზღვის ფლოტისგანაც. მათ ხომალდებს შორი მანძილიდან ფაქტობრივად ქვეყნის ნებისმიერ წერტილზე შეეძლებათ იერიშის მიტანა. სწორედ ამ საფრთხის გათვალისწინებით, ევროპაში აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი მთავრობას ურჩევდა, რომ ფული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებზე დაეხარჯათ. ამჟამად პრობლემურია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მზარდი ცვლილება, რაც, პარტნიორებისგან შეიარაღების შეძენის სურვილის არსებობის შემთხვევაშიც, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუშლის, რადგან ქვეყნის მიმართ ნდობა შერყეულია. ამ ფონზე მოსალოდნელია ისიც, რომ თბილისისთვის გაწეული სამხედრო დახმარებებიც შედარებით შემცირდება, რადგან დასავლელი პარტნიორები ხელისუფლებისგან შესაბამის სიგნალებს არ იღებენ.

კომენტარები