თავდაცვის სამინისტრო

გარდაიცვალა კაპრალი, რომელიც 1 თვის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა სამხედრო მოსამსახურე, რომელიც აგვისტოს დასაწყისში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა. სამინისტრო დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

"კაპრალი ზურაბ ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ გადაყვანილ იქნა თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში. მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა" - წერს თავდაცვის სამინისტრო.

სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ განცხადება თავდაცვის უწყებამ 8 აგვისტოს გაავრცელა. სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო, თუმცა, თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებდა, რის შედეგად მიიღო დამწვრობა სამხედრო მოსამსახურემ.

მთავარი არხის ინფორმაციით კი, 45 წლის ზურაბ ფისენკო აგვისტოს დასაწყისში წვრთნების დროს, ტანკის აალების შედეგად დაშავდა.

კომენტარები