ევგენი პრიგოჟინი

ლუკაშენკო: პრიგოჟინის უსაფრთხოება არ უნდა უზრუნველმეყო, ამაზე არასდროს გვისაუბრია

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის ავტოკრატი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას 24 ივნისის აჯანყების დროს მედიატორის ფარგლებში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოვალეობა არ აუღია.

ამას გარდა, ლუკაშენკოს თქმით, ის ერთხელ პრიგოჟინსა და კსკ ვაგნერის სამხედრო მეთაურს, დმიტრი უტკინსაც შეხვდა და გააფრთხილა.

"პირდაპირ რომ გიპასუხოთ ამ საკითხზე: მე არც უნდა უზრუნველმეყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველი. მეორეც, არასდროს ამ მიმართულებით არ გვისაუბრია. მესამე კი დაიმახსოვრეთ: უსაფრთხოებაზე ორჯერ შევეხეთ ამას. პირველად როცა მე მას დავურეკე და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, როცა ისინი მოსკოვისკენ მარშით მიდიოდნენ. მე მას ვეუბნები: "ჟენია, ხომ გესმის, ხალხსაც დაღუპავ და თავადაც დაიღუპები?"... (მპასუხობს:) "ეშმაკსაც წაუღია, მოვკვდები!". მე ვეუბნები: "ჟენია, ახლა მე თოკსა და საპნის ნაგლეჯს გამოგიგზავნი". - "არა, არა, არა. ასე არ მინდა. მე გმირად მოვკვდები". აი, ასე მიდიოდა პირველი საუბარი. მეორეჯერ [ამ საკითხზე ვისაუბრეთ], როცა ჩემთან დიმა უტკინთან ერთად მოვიდა. კატეგორიულად ვაფრთხილებდი" "ბიჭებო, წინ იყურეთ"". – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, ევგენი პრიგოჟინთან განიხილია ორი საკითხი: ვაგნერელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა და მათი ბელარუსში გადაყვანა. ის ირწმუნება, რომ რუს ოლიგარქს მასთან ცალკეული უსაფრთხოების გარანტიებზე არ უსაუბრია.

"ეს მე შევთავაზე. ვუთხარი: "თუ რამის გეშინიათ, მე დაველაპარაკები პრეზიდენტ პუტინს, ბელარუსში გაგიყვანთ. ბელარუსში სრული უსაფრთხოების გარანტიას გაძლევთ". და სიმართლე უნდა ითქვას, ჟენია პრიგოჟინს არასდროს უთხოვია ჩემგან ცალკე დამეთმო ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე". – თქვა ლუკაშენკომ.

ამას გარდა, ლუკაშენკო ირწმუნება, რომ როცა ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მფირინავდა, მიიღო "სერიოზული ინფორმაცია", რომ ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა იგეგმებოდა. მისივე მტკიცებით, მან ამ საკითხთან დაკავშირებით კრემლში პუტინს დაშიფრული შეტყობინება გაუგზავნა. ლუკაშენკო ირწმუნება, რომ მომავალში კსკ ვაგნერის დამფუძნებელს ჰკითხა, მიიღო თუ არა ეს ინფორმაცია, რაზეც პრიგოჟინმა დადებითი პასუხი გასცა და უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მკვლელობის მცდელობის მომზადებაზე გააფრთხილა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

ლუკაშენკოს თქმით, მას არ სჯერა, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი პუტინმა ჩამოაგდო, რადგან ეს "ძალიან უხეში, არაპროფესიონალური შესრულებაა", რუსეთის პრეზიდენტი კი მას "წინდახედული" და "დინჯი" ჰგონია.

"მე არ შემიძლია ვთქვა ეს ვინ გააკეთა. ადვოკატად ჩემს უფროს ძმასაც კი ვერ დავუდგები. მაგრამ მე პუტინს ვიცნობ. ეს წინდახედული, ძალიან წყნარი და დინჯი ადამიანია, რომელიც გადაწყვეტილებას სხვანაირად, მაკლებად რთულ საკითხებზე იღებს. ამიტომ ვერ წარმოვიდგენ, რომ ეს პუტინმა გააკეთა, რომ პუტინი დამნაშავეა. ძალიან უხეში, არაპროფესიონალური შესრულებაა, თუ საქმე ამას ეხება". – თქვა ლუკაშენკომ.

24 ივნისს, პრიგოჟინის აჯანყების დროს მხარეებს შორის ალექსანდრ ლუკაშენკო შუამავლობდა. მაშინ კრემლში ამბობდნენ, რომ, შეთანხმების შესაბამისად, ვაგნერის დამფუძნებელი ბელარუსში გადავიდოდა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას შეწყვეტდნენ.

23 აგვისტოს, აჯანყების მოწყობიდან 2 თვის თავზე, რუსეთში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის მგზავრთა სიაში კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი და ჯგუფის სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინიც იმყოფებოდნენ. კერძო თვითმფრინავით 10 ადამიანი მგზავრობდა და ათივე მათგანის ნეშტი ნაპოვნია. მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირების პროცესი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც პრიგოჟინს აქამდე სახელით არ იხსენიებდა, მას ნიჭიერი ბიზნესმენი უწოდა და თვითმფრინავის დაღუპულ მგზავრთა ახლობლებს მიუსამძიმრა.

კომენტარები