Dune 2

ჰოლივუდში მიმდინარე გაფიცვის გამო DUNE 2 წელს არ გამოვა

ჰოლივუდში მიმდინარე სცენარისტებისა და მსახიობების გაფიცვის გამო, კინოსტუდია Warner Bros.-მა მეორე დიუნის პრემიერა 2024 წელს გადაიტანა.

დენი ვილნევის ბლოკბასტერი მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა გამოსულიყო. პრემიერის ახალ თარიღად 2024 წლის 15 მარტი სახელდება.

კინოსტუდიას ამ ეტაპზე სხვა ცვლილებები არ გაუკეთებია. დეკემბერში მაყურებელი ვილი ვონკას და აქუამენის მეორე ნაწილს იხილავს.


13 ივლისს კინომსახიობთა გილდიამ (SAG - AFTRA) ჰოლივუდის პროდიუსერებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. მსახიობები გაფიცულ სცენარისტებს შეუერთდნენ.

SAG - AFTRA-ს რიგებში 160 000-ზე მეტი მსახიობია რეგისტრირებული. მათმა უმრავლესობამ (98%) გაფიცვას დაუჭირა მხარი, ხმის მიცემაში 48%-მა მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად გაფიცვას 70 000-ზე მეტი წევრი უჭერს მხარს. პროფკავშირი სფეროში ხელოვნური ინტელექტის გავლენის შემცირებასა და სტრიმინგ სერვისებზე ჩვენებით მიღებული ანაზღაურების გაზრდას ითხოვს. პროფკავშირის რიგებში კინოს, ტელევიზიისა და რადიოს მსახიობები, ასევე კასკადიორები არიან გაწევრიანებულნი. SAG-AFTRA უკანასკნელად 1980 წელს, სამი თვით გაიფიცა. პროფკავშირის წევრები პროდიუსერებს მოსალაპარაკებლად 7 ივნისს შეხვდებიან. მსახიობები გაფიცვას ივნისში აპირებდნენ, თუმცა პროდიუსერებმა შეხვედრაზე თანხმობა თქვეს და გაფიცვა გადაიდო.

"შეურაცხმყოფელი და უპატივცემულო დამოკიდებულებაა. შეხვედრაზე კინოკომპანიებმა ჩვენთვის საინტერესო თემებზე არ ილაპარაკეს". – ამბობს კინომსახიობთა გილდიის ხელმძღვანელი ფრენ დრეშერი.

გაფიცულ მსახიობებს შორის არის მერილ სტრიპი, მარკ რაფალო, რობერტ დაუნი ჯუნიორი, ჯეინ ფონდა, მეთ დეიმონი, ჯენიფერ ლოურენსი, ემილი ბლანტი და სხვები.

ჰოლივუდში მსახიობების გაფიცვის პარალელურად რამდენიმე თვეა სცენარისტების გაფიცვა მიმდინარეობს. გაფიცვაში სცენარისტთა ასოციაცია Writers Guild of America-ში გაწევრიანებული 9000 წევრი მონაწილეობს. გაფიცვის გამო შეჩერდა მუშაობა სერიალზე Stranger Things.

გაფიცულებს მხარი დაუჭირა რეპერმა სნუპ დოგმა და ჰოლივუდში დაგეგმილი ორი კონცერტი გააუქმა.

იმავე პერიოდში გაფიცვას აპირებდნენ რეჟისორებიც, თუმცა გაფიცვა არ შედგა, ვინაიდან პროდიუსერებმა ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

მხარეები რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

გაფიცვის გამო 2023 წლის სექტემბერში ჩანიშნული ემის დაჯილდოება 2024 წლის იანვარში გადაიტანეს.

კომენტარები