თეა გოდოლაძე

საფარი: გოდოლაძე თავადაა ძალადობის მსხვერპლი, პროკურატურამ მას უსაფუძვლოდ წარუდგინა ბრალი

არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძეზე რუსთავი ორის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება. ორგანიზაციის განცხადებით, ეს "შავი კამპანია" და "პროფესიონალი ქალის რეპუტაციის შელახვა და მისი გაჩუმების მცდელობაა". როგორც საფარი წერს, გოდოლაძე პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და აქვს დაზარალებულის სტატუსი. მათი ცნობით, ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და საქმის განხილვას სასამართლო მალე დაასრულებს. თეა გოდოლაძის ინტერესებს ორგანიზაცია საფარი ერთ წელზე მეტია იცავს. 

"შურისძიებისა და ზეწოლის მიზნით, მოძალადემ თავად დაადანაშაულა დაზარალებული ქალი ძალადობაში, თუმცა, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა. ამის მიუხედავად, პროკურატურამ მას მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ, წარუდგინა ბრალი. აღსანიშნავია, რომ მოძალადეების მხრიდან მსხვერპლი ქალის დადანაშაულება, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საქმის გახმაურება არის საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა თეა გოდოლაძის პროფესიული საქმიანობიდან მისი პირადი ცხოვრებისკენ. აგორებული შავი კამპანიის მიზანია, გააჩუმონ პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის ღიად და აქტიურად აფიქსირებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს ეკოლოგიისა თუ განაშენიანების საკითხებზე. ის აქამდეც არაერთხელ გამხდარა ვერბალური თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით კი მედიასა და პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ინფორმაციის დამახინჯებულად და ცალმხრივად გავრცელებისგან" - წერია განცხადებაში.

22 აგვისტოს რუსთავის ორმა გაავრცელა "ექსკლუზიური ინფორმაცია", რომლის მიხედვითაც, თეა გოდოლაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. თავად გოდოლაძემ ტელეკომპანიას უთხრა, რომ "იყო ჩემზე ძალადობა და შეტრიალებული თემაა. როგორ გგონიათ, 17 წლის ბიჭს მე ვცემდი, თუ როგორ არის საქმე? თუ პირიქით არის და პროკურატურა პირიქით მედავება, რაც აბსოლუტურად ცხადია. როგორ ფიქრობთ, მე მოვერეოდი მამა-შვილს? კაცებს მე მოვერეოდი?".

კომენტარები