ჩინეთი-ტაივანი

ჩინური მუქარის წინაშე უკან არასდროს დავიხევთ – ტაივანის ვიცეპრეზიდენტი

ტაივანის ვიცეპრეზიდენტი, უილიამ ლაი
Carlos Garcia Rawlins/Reuters

ტაივანის ვიცეპრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, უილიამ ლაიმ შეერთებულ შტატებში ყოფნისას თქვა, რომ ქვეყანა ჩინური მუქარის წინაშე "უკან არასდროს დაიხევს".

"როდესაც ტაივანი უსაფრთხოდაა, მსოფლიო უსაფრთხოდაა. და როდესაც მშვიდობა იქნება ტაივანის სრუტეზე, მსოფლიო მშვიდობაც მაშინ დადგება. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად დიდია ავტორიტარიზმისგან ტაივანისთვის შექმნილი საფრთხე, ჩვენ საერთოდ არ შეგვეშინდება და არც შიშისგან მოვიკუნტებით, ჩვენ დავიცავთ დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებებს". - თქვა ლაიმ.

ტაივანის ვიცეპრეზიდენტი ნიუ-იორკში 12 აგვისტოს ჩავიდა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ოფიციალური ტაიპეის წარმომადგენელი პარაგვაიში აპირებს ჩასვლას, სადაც 15 აგვისტოს პრეზიდენტ სანტიაგო პენას ინაუგურაციას დაესწრება. პარაგვაი ერთადერთი სახელმწიფოა სამხრეთ ამერიკაში, რომელსაც ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვს.

13 აგვისტოს ლაის ამერიკაში ვიზიტი დაგმო ჩინეთმა და მას სეპარატისტი და "პრობლემების შემქმნელი" უწოდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება "ტაივანის დამოუკიდებელ სეპარატისტთა" აშშ-ში ვიზიტის ნებისმიერ ფორმას.

ასევე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტაივანი ჩინეთის ინტერესების მთავარი ბირთვია და მომხდარმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ზრდის მიზეზი თავად ტაივანია, რომელიც, როგორც სამინისტრო ამტკიცებს, "დამოუკიდებლობის საძიებლად ცდილობს, აშშ-ს დაეყრდნოს".

სამინისტროს მტკიცებით, პეკინი მისი სუვერენიტეტის დასაცავად მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს.


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები