ჩინეთი-ტაივანი

ჩინეთმა ტაივანის ვიცეპრეზიდენტს აშშ-ში ვიზიტის შემდეგ სეპარატისტი უწოდა

ტაივანის ვიცეპრეზიდენტი უილიამ ლაი
REUTERS/Carlos Garcia Rawlins

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტაივანის ვიცეპრეზიდენტის, უილიამ ლაის აშშ-ში ვიზიტი დაგმო და მას სეპარატისტი და "პრობლემების შემქმნელი" უწოდა. სამინისტროს მტკიცებით, პეკინი მისი სუვერენიტეტის დასაცავად მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს.

ჩინეთმა, რომელიც დემოკრატიულად მართულ ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, არაერთხელ დაგმო ლაის მოგზაურობა, რომელიც 16 აგვისტოს ტაიპეიში დაბრუნებამდე, ნიუ იორკის შემდეგ კიდევ ერთ გაჩერებას სან-ფრანცისკოში მოიცავს. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება "ტაივანის დამოუკიდებელ სეპარატისტთა" აშშ-ში ვიზიტის ნებისმიერ ფორმას.

"ლაი ჯიუტად იცავს ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტულ პოზიციას და შიგადაშიგ პრობლემებს წარმოქმნის". - წერია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტაივანი ჩინეთის ინტერესების მთავარი ბირთვია და მომხდარმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ზრდის მიზეზი თავად ტაივანია, რომელიც, როგორც სამინისტრო ამტკიცებს, "დამოუკიდებლობის საძიებლად ცდილობს, აშშ-ს დაეყრდნოს".


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები