სტიქია რაჭაში

გომელაური: ფერდობზე დარჩენილები უსაფრთხოდ იყვნენ, ამიტომ ღამე ფრენა აღარ გავრისკეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, შოვში, სტიქიის ღამით ფერდობზე გადაყვანილი და იქ ჩარჩენილი ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ და ამიტომ, ვერტმფრენი აღარ გამოიყენეს. მან სტიქიის ზონაში თქვა, რომ შსს-ს ღამის ფრენის საშუალებები აქვს, თუმცა, "თუ ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა", გარისკვა არ არის მიზანშეწონილი.

"ვერტმფრენი ჩამოვიდა დაახლოებით სამ საათში, ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა, რომ დაჯდე უცბად და გავარდე, მას მომზადება სჭირდება. მეორე, ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდა, რომ შემოფრენილიყო ხეობაში, მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს, შუაში კუნძულზე იყო 70 ადამიანი, გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას, მეორე მხარეს, ფერდობზე, იქ ჩვენი პოლიციელებიც იყვნენ, საკვებიც, უსაფრთხო ადგილი იყო, დაღამდა და იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო და აღარ გავრისკეთ, მეორე დღეს გამოვიყვანეთ ეს დარჩენილი ადამიანები. რაც შეეხება, რატომ არ დაფრინავდნენ ღამე, ეს ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ერკვევა ავიაციაში, ყველას კარგად ესმის, რომ გვაქვს ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი და თუ ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ გარისკოს პილოტებმაც, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული". - თქვა მან.

შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე ამბობს, რომ საქართველოს უკვე შეძენილი აქვს სამი ვერტმფრენი და პირველი ვერტმფრენი სავარაუდოდ, 2024 წლის მარტში შემოვა.

"ჩვენ გვყავს სულ 6 ვერტმფრენი. სამი ახალი ვერტმფრენი შეძენელია, საფრანგეთში შევიძინეთ, წესით მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი ვერტმფრენი, წელს ვერ მოესწრება, სავარაუდოდ და იმ წელს დამთავრდება სამი ვერტმფრენის ჩამოყვანა. ვერტმფრენი მანქანა და ველოსიპედი ხომ არ არის, გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო. რიგებია და ამაზე ერთი წელი ვმუშაობდით თითქმით, თვეებია ვმუშაობთ, უკვე ნაყიდი გვაქვს ვერტმფრენები და მაგას სწავლება უნდა პილოტების, რომ გადაამზადო და ასე შემდეგ". - თქვა მან.

გომელაურის ინფორმაციით, ამ დროისთვის კიდევ 9 ადამიანს ეძებენ და ჩამოშლილი მიწის თითქმის 60% უკვე შემოწმებულია. ამასთან ერთად ის ამბობს, რომ მდინარის 50 კილომეტრს - ამბროლაურამდე ამუშავებენ და შემდეგ, სავარაუდოდ, რიონს "დაბლა ჩაუყვებიან".

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები