რაჭის სტიქია

პაპუაშვილი შოვის სტიქიაზე: 3 საათის დაგვიანებით კი არა, სულ რაღაც 3 საათში მივიდა ვერტმფრენი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, არა სამი საათის დაგვიანებით, არამედ სამ საათში ჩავიდა ვერტმფრენი შოვში.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ფრენის შეტყობინებას ერთი საათი სჭირდება, რის შემდეგაც საჭიროა გადამოწმება, რა ტექნიკაა საჭირო. 

ამასთან პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ყველა დასახული მიზანი შესრულდა. 

"3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, სამ საათში მივიდა ვერტმფრენი, სულ რაღაც სამ საათში. ერთი საათი უნდა ფრენას, შეტყობინების შემდეგ სჭირდება, რა თქმა უნდა, გადამოწმება, რა ტექნიკა არის საჭირო და ამის შემდეგ, არის მოსამზადებელი სამუშაო ტექნიკისთვის. ეს მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე, მას სჭირდება მომზადების პერიოდი და ზუსტად ამ პერიოდში, სულ რაღაც 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ. და ყველა ამოცანა, რომელიც დასახული იყო შესრულდა".- თქვა პაპუაშვილმა. 

რაჭაში, შოვში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა გაავრცელა.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში 15-მდე ადამიანს ეძებენ.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები