სტიქია რაჭაში

გომელაური: ვერტმფრენი არც ველოსიპედია და არც მანქანა, რომ დაჯდე უცბად და გავარდე

საზოგადოებრივი მაუწყებელი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტან გომელაუირის თქმით, შოვში, სტიქიის დღეს ვერტმფრენი დაახლოებით სამ საათში ჩავიდა, აქედან თითქმის ორი საათის ღრუბლებს უვლიდა, რათა ხეობაში შეფრენილიყო.

მისივე თქმით, ღამით ფერდობზე ჩარჩენილი ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ და ვერტმფრენის გამოყენება "მიზანშეწონილი და დაშვებული" არ იყო, თორემ შეიძლება ჩამოვარდნილიყო.

"ვერტმფრენი ჩამოვიდა დაახლოებით სამ საათში, ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა, რომ დაჯდე უცბად და გავარდე, მას მომზადება ჭირდება. მეორე, ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდა, რომ შემოფრენილიყო ხეობაში, მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს, შუაში კუნძულზე იყო 70 ადამიანი, გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე მხარეს, ფერდობზე, იქ ჩვენი პოლიციელებიც იყვნენ, საკვებიც, უსაფრთხო ადგილი იყო, დაღამდა და იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო და აღარ გავრისკეთ, მეორე დღეს გამოვიყვანეთ ეს დარჩენილი ადამიანები. რაც შეეხება, რატომ არ დაფრინავდნენ ღამე, ეს ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ერკვევა ავიაციაში ყველას კარგად ესმის, რომ გვაქვს ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი და თუ ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ გარისკოს პილოტებმაც, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული". - თქვა მან.

შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე ამბობს, რომ საქართველოს უკვე შეძენილი აქვს სამი ვერტფმრენი და მისივე თქმით, პირველი ვერტმფრენი სავარაუდოდ, 2024 წლის მარტში შემოვა.

"ჩვენ გვყავს სულ 6 ვერტმფრენი. სამი ახალი ვერტმფრენი შეძენელია, საფრანგეთში შევიძინეთ, წესით მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი ვერტმფრენი, წელს ვერ მოესწრება, სავარაუდოდ და იმ წელს დამთავრდება სამი ვერტმფრენის ჩამოყვანა. ვერტმფრენი მანქანა და ველოსიპედი ხომ არ არის, გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო. რიგებია და ამაზე ერთი წელი ვმუშაობდით თითქმით, თვეებია ვმუშაობთ, უკვე ნაყიდი გვაქვს ვერტმფრენები და მაგას სწავლება უნდა პილოტების, რომ გადაამზადო და ასე შემდეგ". - თქვა მან.

გომელაურის ინფორმაციით, ამ დროისთვის კიდევ 9 ადამიანს ეძებენ და ჩამოშლილი მიწის თითქმის 60% უკვე შემოწმებულია. ამასთან ერთად ის ამბობს, რომ მდინარის 50 კილომეტრს - ამბროლაურამდე ამუშავებენ და შემდეგ სავარაუდოდ, რიონს "დაბლა ჩაუყვებიან".

კომენტარები