რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა დიდ ბრიტანეთთან "უსაფრთხოების გარანტიებზე" მოლაპარაკებებს იწყებს – ერმაკი

ანდრეი ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

11 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა  United News ტელემარათონის ეთერში თქვა, რომ უკრაინამ დიდ ბრიტანეთთან "უსაფრთხოების გარანტიების შესახებ" ორმხრივი კონსულტაციები დაიწყო

მან აღნიშნა, რომ უკრაინის "უსაფრთხოების გარანტიების" შესახებ G7 დეკლარაციას 13 ქვეყანა უკვე შეუერთდა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უკრაინამ გარანტიების შესახებ ორმხრივი კონსულტაციები უკვე დაიწყო შეერთებულ შტატებთან.

"მართლაც, ჩვენი ამერიკელი კოლეგების შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ [კონსულტაციები] ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან დიდი ბრიტანეთიდან. ეს არის ქვეყანა, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი და სტრატეგიული პარტნიორი საკვანძო დახმარების კუთხით". - თქვა ერმაკმა.

ერმაკმა ასევე აღნიშნა, მიზანს წლის ბოლომდე ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება წარმოადგენს იმ ქვეყნებთან, რომლებიც უკრაინისთვის "უსაფრთხოების გარანტიებს" უზრუნველყოფენ.

NATO-ს სამიტზე დიდმა შვიდეულმა მოამზადა საერთო დეკლარაცია, რითაც უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს გზა გაუხსნა. დეკლარაციის მიზანია, რომ უკრაინამ გააძლიეროს თავისი თავდაცვა რუსეთის წინააღმდეგ და მოსკოვი შეაკავოს მომავალი აგრესიისგან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ღონისძიება უკრაინისთვის "მნიშვნელოვანი წარმატება" იყო. მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერებს მადლობა გადაუხადა უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. 

კომენტარები