რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა და აშშ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს იწყებენ – ერმაკი

ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინამ და აშშ-მ დაიწყეს მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას.

ერმაკის თქმით, კიევის მთავრობა მოლაპარაკებებს განიხილავს, როგორც შუალედურ ეტაპს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მოლოდინში.

ლიტვაში, ვილნიუსში გამართულ სამიტზე, NATO-ს ლიდერებმა მხარდაჭერა შესთავაზეს უკრაინას, მაგრამ რუსეთთან ომის დასრულებამდე ალიანსში გაწევრიანების იდეა გამორიცხეს. 

"სიმბოლურია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი უდიდესი სტრატეგიული პარტნიორი, გახდა პირველი ქვეყანა, რომელთანაც უკრაინამ დაიწყო ეს პროცესი. ამით ჩვენ შევქმნით წარმატებულ მოდელს სხვა პარტნიორებისთვის". – წერს ერმაკი.

ერმაკმა კიდევ ერთხელ გაიმეორა უკრაინის პოზიცია, რომ გარანტიები "გააძლიერებს უკრაინას ევროატლანტიკური თანამეგობრობის, მათ შორის NATO-სა და ევროკავშირის მომავალი წევრობის გზაზე".

ერმაკს არ დაუკონკრეტებია, სად მიმდინარეობს ან ვინ იღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში.

კომენტარები