NATO

გარანტიები უკრაინისთვის, შვედეთი ალიანსში, F-16-ები თურქეთს – NATO-ს ვილნიუსის სამიტი

11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი მიმდინარეობდა. სამიტზე განხილული მთავარი საკითხი უკრაინის NATO-ში გაწევრიანება იყო. ვილნიუსში ალიანსის წევრებმა 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიღებული სტრატეგიული კონცეფციის იმპლემენტაციის საკითხზე იმსჯელეს.

ვილნიუსის სამიტამდე CNN-თან ინტერვიუსი ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინა ჯერ არ არის მზად NATO-ს წევრობისთვის და რუსეთის ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს იქამდე, სანამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განიხილავენ უკრაინის გაწევრიანებას.

ბაიდენმა CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ დისკუსიის მიღმა, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება. ვილნიუსის სამიტამდე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას პირველად მიაწვდის კასეტურ შეიარაღებას. 

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტულ ვადებს ითხოვდა.

"უპრეცედენტო და აბსურდულია, როცა დრო არ არის განსაზღვრული არც მოწვევისთვის და არც უკრაინის წევრობისთვის. ამავდროულად, გაურკვეველი ფორმულირება "პირობების" შესახებ ემატება თუნდაც უკრაინის მოწვევას." - წერს ზელენსკი. 

ვილნიუსის სამიტზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ უკრაინა MAP-ის გარეშე გახდება ალიანსის წევრი.

"მოკავშირეები ნამდვილად ადასტურებენ, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება და შეთანხმდნენ, რომ უკრაინის შემთხვევაში გაუქმდეს წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა". - ამბობს სტოლტენბერგი. 

ასევე, NATO-ს სამიტზე დიდმა შვიდეულმა მოამზადა საერთო დეკლარაცია, რითაც უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს გზა გაუხსნა. დეკლარაციის მიზანია, რომ უკრაინამ გააძლიეროს თავისი თავდაცვა რუსეთის წინააღმდეგ და მოსკოვი შეაკავოს მომავალი აგრესიისგან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ღონისძიება უკრაინისთვის "მნიშვნელოვანი წარმატება" იყო. მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერებს მადლობა გადაუხადა უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. 

Reuters-ის ინფორმაციით, ვილნიუსის სამიტზე NATO-მ რუსეთის ფედერაციის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმა დაამტკიცა. აქამდე ალიანსში ფართომასშტაბიანი თავდაცვის გეგმების საჭიროებას ვერ ხედავდნენ, ასევე თურქეთი NATO-ს თავდაცვის გეგმის დამტკიცებას გეოგრაფიული ადგილების (მაგალითად, კვიპროსი) ფორმულირების გამო ბლოკავდა. თუმცა, როგორც Reuters-ი წერს, თურქეთს კომპრომისზე წავიდა. 

იენს სტოლტენბერგმა ცნობით, ვილნიუსის სამიტზე შეთანხმება შედგა შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა. აქამდე თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ბლოკავდა, რადგან ერდოღანის განცხადებით, სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის პარლამენტი NATO-ში შვედეთის კანდიდატურას ოქტომბრამდე არ დაამტკიცებს. მისი თქმით, თურქეთის პარლამენტი ორი თვის განმავლობაში შვებულებაშია, რის გამოც შვედეთის კანდიდატურის დამტკიცება პარლამენტში ოქტომბრამდე გადაიწევს.

აღსანიშნავია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი 10 ივლისს ამბობდა, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა, თუ ევროპული ქვეყნები თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის "გზას გაუხსნიდნენ". ასევე, შვედეთის ალიანსში გაწევრიანების სანაცვლოდ აშშ მზადაა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მიყიდვა დაუშვას. 

ასევე, ვილნიუსში სამიტის მიმდინარეობისას უკრაინამ და შვედეთმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ  შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამას გარდა, უკრაინა და შვედეთი თავდაცვის შესყიდვების მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საქართველოდან NATO-ს ვილნიუსის სამიტს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა. კომუნიკეში ალიანსის წევრებმა დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP-ის) შესრულების შემდეგ. 

"ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და მაქსიმალურად მისდიოს ANP-ს (წლიური ეროვნული დოკუმენტი)". - წერია დოკუმენტში. 

კომენტარები