სტიქია შოვში

სარჯველაძე: 15 წუთში დაიწყებოდა ძებნა შოვში თუ 1 საათში, რა გავლენა ექნებოდა პერსპექტივაზე?

ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მას არ ჰგონია, რომ შოვში, სტიქიის ზონაში დაუყოვნებლივ რეაგირებას ადამიანების გადარჩენაზე რაიმე გავლენა ექნებოდა. 

როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ვერ ხედავს ახსნას, მასის გათვალისწინებით 15 წუთში დაიწყებოდა ძებნა თუ 1 საათში, პერსსპექტივის თვალსაზრისით რა გავლენა ექნებოდა.

"ვინც ასე უშუალოდ არ დაფარულა [მასით], ყველა გადარჩა. იქ ხომ არცერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელიც რამდენიმე საათის მოგვიანებით შეიძლება, აღმოჩენილიყო დაღუპული და ა.შ. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ ვხედავ უბრალოდ ახსნას, როგორ შეიძლება ეს არგუმენტირებული იყოს, რომ, მაგალითად, 15 წუთში დაიწყებდი ძებნას თუ 1 საათში იმ მასის გათვალისწინებით, ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონოდეს პერსპექტივების თვალსაზრისით. 

ვინც იმ წუთას იყო ისეთ ადგილას, სადაც აი, ამ მასამ არ დაფარა, ისეთი ადამიანი გადარჩა. თქვენ რომ გქონდეთ შემთხვევა, რომ მაგალითად იქ მატულობდა დროთა განმავლობაში რაღაც მასა და მომენტალურად რაც არ ჩამოწვა, ამ შემთხვევაში აზრი ექნებოდა ამ ლაპარაკს. ასე ხომ ნამდვილად აზრი არ აქვს?! იქ რაც მოხდა იმ წუთებში, იქ დაუყოვნებლივ რეაგირებას არ მგონია, რომ გავლენა ჰქონოდა რომელიმე ადამიანის [გადარჩენაზე]" - ამბობს სარჯველაძე.

რაჭაში, შოვში, დღეს კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა გაავრცელა.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში 15-მდე ადამიანს ეძებენ.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები