რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის თქმით, რუსებმა სისხლის გადასხმის ცენტრი დაბომბეს, არის მსხვერპლი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Office/AP

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული ბომბი ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში სისხლის გადასხმის ცენტრს მოხვდა, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

ზელენსკის არ დაუკონკრეტებია დეტალები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა 5 აგვისტოს ხარკოვის რეგიონში. 

"მხოლოდ ეს სამხედრო დანაშაული ყველაფერს ამბობს რუსეთის აგრესიაზე". - თქვა მან.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკიმ დამნაშავეები "მხეცებად" მოიხსენია.

"ტერორისტების დამარცხება ყველასთვის ღირსების საქმეა, ვინც სიცოცხლეს აფასებს". - დასძინა მან.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ 5 აგვისტოს რუსეთმა კიდევ ერთი სარაკეტო შეტევა განახორციელა, რომლის სამიზნე აერონავტიკული კომპანია იყო, რომელსაც დასავლეთ ხმელნიცკის რეგიონში Motor Sich მართავს.

რუსული დარტყმები მას შემდეგ მოხდა, რაც მოსკოვმა უკრაინა შავ ზღვაში რუსული ტანკერის დარტყმაში დაადანაშაულა, რომელშიც ეკიპაჟის 11 წევრი იყო - ეს არის მეორე ასეთი საზღვაო თავდასხმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.


ქერჩის სრუტეში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა და უკრაინულმა ტელეგრამ-არხებმა 5 აგვისტოს ღამით გაავრცელეს. მოგვიანებით კი ინფორმაცია რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი უკრაინაა. 

რუსული სამთავრობო მედია, TACC-ი ნოვოროსიისკის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეტევის შედეგად დაზიანდა ტანკერის ძრავა, მისი ეკიპაჟი კი უსაფრთხოდ იმყოფება. ამავე ინფორმაციით, ტანკერის გადასაყვანად ავარიის ადგილზე ორი ბუქსირი მივიდა.

დაზიანებული ტანკერი, რომელიც ქიმიური ნივთიერებებისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვისაა განკუთვნილი, ყირიმიდან სირიაში თვითმფრინავის საწვავის მიწოდების გამო აშშ-ს მიერ 2019 წლიდანაა სანქცირებული. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით Associated Press-ს დაუდასტურა, რომ ტანკერზე თავდასხმის უკან უკრაინა დგას. მისივე თქმით, თავდასხმისთვის გამოიყენეს საზღვაო დრონი, რომელიც 450 კილოგრამი ტროტილით იყო სავსე. 

უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებულ სამხრეთ ზაპორიჟიეს რეგიონში კრემლის მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა პირმა, ვლადიმირ როგოვმა თქვა, რომ გემის ეკიპაჟის რამდენიმე წევრი მინის ნამსხვრევების გამო დაიჭრა. ოფიციალური ინფორმაციით, ტანკერზე ჯამში 11 ადამიანი იმყოფებოდა. 

გარდა ამისა, ყირიმის ხიდზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის გამო, განათება გამოირთო, ხოლო მოძრაობა სამი საათით შეჩერდა. ანექსირებული ყირიმის ტერიტორიის მცხოვრებლებმა ძლიერი აფეთქების შესახებ შესაბამის უწყებებს აცნობეს. რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლეგ კრიუჩკოვის თქმით, "მაღალ ხმებს, რომელიც ქერჩის მცხოვრებლებმა ერთი საათის წინ გაიგეს, არავითარი კავშირი არ ჰქონდა ყირიმის ხიდთან". 

კომენტარები