რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ქერჩის სრუტეში დრონის თავდასხმის შედეგად რუსული ტანკერი დაზიანდა

საილუსტრაციო ფოტო
Эхо Кавказа

ქერჩის სრუტეში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა და უკრაინულმა ტელეგრამ-არხებმა 5 აგვისტოს ღამით გაავრცელეს. მოგვიანებით კი ინფორმაცია რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი უკრაინაა. 

რუსული სამთავრობო მედია, TACC-ი ნოვოროსიისკის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეტევის შედეგად დაზიანდა ტანკერის ძრავა, მისი ეკიპაჟი კი უსაფრთხოდ იმყოფება. ამავე ინფორმაციით, ტანკერის გადასაყვანად ავარიის ადგილზე ორი ბუქსირი მივიდა.

დაზიანებული ტანკერი, რომელიც ქიმიური ნივთიერებებისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვისაა განკუთვნილი, ყირიმიდან სირიაში თვითმფრინავის საწვავის მიწოდების გამო აშშ-ს მიერ 2019 წლიდანაა სანქცირებული. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით Associated Press-ს დაუდასტურა, რომ ტანკერზე თავდასხმის უკან უკრაინა დგას. მისივე თქმით, თავდასხმისთვის გამოიყენეს საზღვაო დრონი, რომელიც 450 კილოგრამი ტროტილით იყო სავსე. 

უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებულ სამხრეთ ზაპორიჟიეს რეგიონში კრემლის მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა პირმა, ვლადიმირ როგოვმა თქვა, რომ გემის ეკიპაჟის რამდენიმე წევრი მინის ნამსხვრევების გამო დაიჭრა. ოფიციალური ინფორმაციით, ტანკერზე ჯამში 11 ადამიანი იმყოფებოდა. 

გარდა ამისა, ყირიმის ხიდზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის გამო, განათება გამოირთო, ხოლო მოძრაობა სამი საათით შეჩერდა. ანექსირებული ყირიმის ტერიტორიის მცხოვრებლებმა ძლიერი აფეთქების შესახებ შესაბამის უწყებებს აცნობეს. რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლეგ კრიუჩკოვის თქმით, "მაღალ ხმებს, რომელიც ქერჩის მცხოვრებლებმა ერთი საათის წინ გაიგეს, არავითარი კავშირი არ ჰქონდა ყირიმის ხიდთან". 

კომენტარები