გერმანია

გერმანიის ჯარი მოხალისეთა სიმცირეს განიცდის

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ბორის პისტორიუსი
Daniel Loeb/dpa via AP

უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული თავდაცვის ძალების გაძლიერების საჭიროების და ოფიციალური უწყებების მხრიდან გაკეთებული აქტიური მოწოდებების მიუხედავად, გერმანიის არმია ბუნდესვერი ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცების რეკრუტირებას. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალწვეულთა რიცხვი, რომლებსაც სურთ ბუნდესვერში გაწევრიანება, გასულ წელთან შედარებით 7%-ით შემცირდა.

"ყველა ბუნდესვერში პერსონალის დეფიციტზე საუბრობს და ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის“, - თქვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა შტუტგარტში შეიარაღებული ძალების კარიერულ ცენტრში ვიზიტის დროს.

გასულ წელს გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მნიშვნელოვნად გაეზარდა თავდაცვის ხარჯები და ჯარისკაცთა რაოდენობა. თუმცა, თებერვალში, ქვეყნის საპარლამენტო კომისარმა შეიარაღებული ძალების საკითხებში, ევა ჰოგლმა, აღიარა, რომ 2031 წლისთვის ბუნდესვერის ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდა ამჟამინდელი 183 000-დან 203 000-მდე მიუღწეველია.

ბუნდესვერთან დაკავშირებული პრობლემები მოიცავს დაფინანსებისა და აღჭურვილობის მწვავე ნაკლებობასაც. ჰოგლმა ასევე ისაუბრა წვევამდელების მიერ ჯარის დატოვების მაღალი მაჩვენებელსა და ჯარში გაწევრიანებისადმი ინტერესის დაბალ დონეზე.

დამატებით, დასავლური სამყაროს უმეტესი ნაწილის მსგავსად,  გერმანიაში შეინიშნება  მოსახლეობის დაბერება, რაც ურთულებს ქვეყანას ახალგაზრდა თაობებში ახალი რეკრუტების პოვნას.

სირთულეების გათვალისწინებით, პისტორიუსმა თქვა, რომ ქვეყანა არ წყვეტს მუშაობას, რათა 2031 წლისთვის მიაღწიოს მიზანს, კერძოდ, ჰყავდეს 203 000 ჯარისკაცისაგან შემდგარი არმია.

კომენტარები