საქართველო-რუსეთი

გემს, რომელსაც რუსი ტურისტები გადაჰყავს, ბათუმის პორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ

საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის პორტში, 31 ივლისი

საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს, რომელმაც რეისი სოჭიდან დაიწყო, ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ პროტესტის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ ამჯერად საკრუიზო გემზე იმყოფებიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

არტისტებს შორის არის Hi-Fi-ის ყოფილი სოლისტი მიტია ფომინი. ის 2022 წელს მონაწილეობდა პროპაგანდისტულ მარათონში "Zа Россию", რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად გაიმართა. უკრაინის ხელისუფლებამ მას სანქციები დაუწესა. ვებგვერდზე ომი და სანქციები წერია, რომ მან "მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსულ პროპაგანდაში და მხარი დაუჭირა რუსეთის პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას". კრუიზის არტისტებს შორის არის ასევე რუსული მუსიკალური ჯგუფი Те100стерон და დმიტრი კოლდუნი, რომელიც 2007 წელს ბელარუსის სახელით ევროვიზიაზე წარდგა. მანამდე, მან მოიგო რუსული პროექტი ვარსკვლავების ფაბრიკა.

საკრუზიო გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები