საქართველო-აშშ

ზარქუა: კელი დეგნანის ელჩობის დროს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. ზარქუას თქმით, კელი დეგნანის ელჩობის დროს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა.

"მაშინ, როდესაც ევროპარლამენტარები ჩემს ქვეყანას ურცხვად და უსაფუძვლოდ უტევდნენ და ამაში ფული იყო გადახდილი, ვისურვებდი, რომ აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები გამოსულიყვნენ, ეს დაეგმოთ და ეთქვათ, რომ ეს არ არისო. იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა, გვწამს და იმედი გვაქვს, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან. სამწუხაროა, რომ ქალბატონი კელი დეგნანის ელჩობის დროს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა. ამაში დამნაშავედ ქალბატონი კელი უნდა ვცნოთ. სამწუხაროდ, მან თავი ვერ გაართვა. პირიქით, კელი დეგნანმა მოახერხა და მისი არასამართლიანი, არაჯანსაღი განცხადებებითა და ჩარევებით ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა". - თქვა ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც "მავნებლური ინფორმაცია", რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს, "ცრუ და უპასუხისმგებლოა". ასევე, საელჩომ აღნიშნულ ინფორმაციას მავნებლური და დეზინფორმაცია უწოდა. 

სამთავრობო მედია იმედი, ქართული ოცნების სპიკერები და წევრები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აშშ-ს საელჩოს თანამშრომელ ევა ენლიოტს ლობისტებისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ევალებოდა.   

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას არ იცნობდა, ოცნების ლიდერებმა "არადამაჯერებელი და წარმოუდგენელი" უწოდეს. 

კომენტარები