ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო

ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი ერთი თვის შემდეგ, 25 აგვისტოს გაიმართება

ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი, 25 აგვისტროს, 16:00 საათზე გაიმართება .

დღეს, 25 ივლისს პროცესზე სასაქონლო ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც დაზიანებული ავტომანქანებისთვის მიყენებული ზარალი შეაფასა. როგორც ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, მან ორი მანქანა შეაფასა, მათ შორის ერთ-ერთი შკოდა, ხოლო მეორე კი ტოიოტას მარკის მანქანა იყო. მისი თქმით, შკოდას  მთლიანი ღირებულება 23 000 ლარია, ხოლო ზარალი კი 13 800 ლარს შეადგენს, რაც შეეხება ტოიოტას, მისი ფასი 40 000 ლარია, ხოლო ზარალი კი 39 500 ლარს ითვლის. როგორც ექსპერტმა განმარტა დაზიანებულია მინები, სახურავები და გვერდითა ფრთები. 

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის თქმით, სასაქოლნქო ექსპერტმა მხოლოდ შედეგები წარადგინა და ლაზარეს ბრალეულობის დადგენა მისი პრეროგატივა არაა. 

"ამ ჩვენებით ლაზარეს ბრალეულობა ვერ გამოიკვეთებოდა. ეს სასაქონლო ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი იყო, რომელმაც დაასაბუთა მის მიერ გაკეთებული ექსპერტიზის დასკვნა. კერძოდ, საუბარია ტოიოტა ქემრიზე და ტოიოტა შკოდაზე, თუ რა დაზიანებები მიადგა და რა ღირებულებების. სულ ეს იყო, რაზეც ისაუბრა. ორ მანქანაზე ჩაატარა ექსპერტიზა და დაადგინა ის, თუ რა რაოდენობის დაზიანება მიადგათ. ხოლო თუ ვის მიერ მიერ იქნა დაზიანებული, ამას ეს ექსპერტი არც საუბრობს და არც ადგენს".- ამბობს ადვოკატი.

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისის ადვოკატებმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართეს. სარჩელის მოტივი ლაზარე გრიგორიადისის შესახებ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების საჯაროდ გავრცელებაა. ადვოკატები ითხოვენ, ღარიბაშვილსა და კობახიძეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე მოითხოვს პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოიხადონ ბოდიში საჯაროდ.

"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლაზარე გრიგორიადისზე მისი დაკავების შემდეგ. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი გრიგორიადისს "ანარქისტი" უწოდა.

 

 

კომენტარები