ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა – პეტიცია

თორნიკე აკოფაშვილი, ბექა გრიგორიადისი, სალომე ხვადაგიანი
ტაბულა

თავისუფლების ინსტიტუტმა, ლაზარე გრიგორიადისის მამამ და 8 მარტის აქციის კიდევ ერთმა ბრალდებულმა, თორნიკე აკოფაშვილმა პარლამენტის წინ ერთობლივი პეტიცია წარადგინეს. ისინი უერთდებიან ლაზარე გრიგორიადისის ბაბუის მოთხოვნას, მისი შვილიშვილის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორის, სალომე ხვადაგიანის შეფასებით, ყველა ოდნავ სინდისიერი ადამიანის პოზიცია და კონსენსუსი უნდა იყოს იმაზე, რომ ლაზარე გრიგორიადისს და თორნიკე აკოფაშვილს ჰქონდეთ სამართლიანი სასამართლოს შანსი.

"ეს შანსი კი ვერ ექნებათ კორუმპირებული სასამართლო კლანის პირობებში, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვენდობით მოსამართლეებს, რომელთა ნაწილი უკვე აშშ-მ დაასანქცირა, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩატარდეს სასამართლო, მაგრამ ეს სასამართლო ჩატარდეს საქართველოს მოქალაქეების მიერ შედგენილი ნაფიც მსაჯულთა კოლეგიით. ანუ ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვიტონ და არა კორუმპირებულმა მოსამართლეებმა" - ამბობს ხვადაგიანი.

პეტიცია ითხოვს:

  1. გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარესა და თორნიკეს დავა მიმდინარეობს და მათი საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა; 
  2. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე ლაზარე გათავისუფლდეს გირაოთი. 

"იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ხელით საქართველოს 21 წლის მოქალაქეების უსამართლო დასჯა თავიდან ავიცილოთ, ლაზარესა და თორნიკეს საქმე უნდა განიხილონ არა სანქცირებული სასამართლო კლანის მიერ შერჩეულმა, დანიშნულმა და მართულმა მოსამართლეებმა, არამედ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. ამისათვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება უნდა გაფართოვდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილითა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის, მათ შორის, არსებითი განხილვის ეტაპზე მყოფ საქმეზე" - ნათქვამია თავისუფლების ინსტიტუტის მომზადებულ პეტიციაში.

მოაწერე ხელი პეტიციას - https://forms.gle/WdYpDbazgYYRyj4w5


პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები