აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

პროკურატურა დაკავებული 21 წლის აქტივისტისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

შსს

პროკურატურამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს ბრალი წარუდგინა. უწყება აქტივისტისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. აღნიშნულის შედეგად, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღეს, რომლებიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე, პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულმა 9 მარტს, ღამის საათებში გ.ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

სამართალდამცავებმა აქტივისტი 29 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.


"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაკავებულზე. მისი მტკიცებით, გრიგორიადისი დაკავშირებული "ბოლშევიკურ ტროიკასთან" - ელენე ხოშტარიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან. ქართული ოცნების თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ელენე ხოშტარია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.  

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

9 მარტს დილით გავრცელდა ქართული ოცნების განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კანონპროექტს უპირობოდ გაიწვევდნენ. 10 მარტს კი, პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები