რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კონტრშეტევის დაწყების დღიდან 192 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გავათავისუფლეთ – მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი 15 დეკემბერს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე
Sergei Supinsky/AFP/Getty Images

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა უკრაინის ჯარების კონტრშეტევის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება სამხრეთ ფრონტისა და ბახმუტის მიმართულებით.

როგორც მალიარი ამბობს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთით კონტრშეტევის მთელი დროის განმავლობაში 192 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გათავისუფლდა. მისივე თქმით, ამ ტერიტორიებიდან გასულ კვირას უკრაინულმა ჯარებმა 12 კვადრატული კილომეტრი უკრაინის სხვადასხვა მიმართულებით გაათავისუფლეს, ბახმუტის მიმართულებით კი – 4 კვადრატული კილომეტრი.  

მალიარმა ასევე აღნიშნა, რომ აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს რამდენიმე რაიონში მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. საკვანძო მნიშვნელობის ბრძოლები კი გრძელდება კლეშჩიევკას, ანდრეევკასა და კურდიუმოვკას მიდამოებში.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, უკრაინული ჯარები აგრძელებენ ნელ წინსვლას ფრონტის სამი მიმართულებით, მათ შორის ბახმუტთან, დონეცკის რეგიონის დასავლეთით და ზაპოროჟიეს რეგიონში.

კომენტარები