რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ოდესაზე: გავანადგურეთ ობიექტები, სადაც ჩვენ წინააღმდეგ ტერაქტები მზადდებოდა

სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა იმ ობიექტების განადგურებას ისახავდა მიზნად, სადაც უკრაინელები მათ წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს ამზადებდნენ.

როგორც სამინისტრო წერს, ქალაქ ოდესაში საზღვაო და სახმელეთო ბაზებიდან გაშვებული მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით გაანადგურეს ობიექტები, სადაც უპილოტო კატერების გამოყენებით რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს ამზადებდნენ, ასევე ობიექტები, სადაც ამ უპილოტოებს აწარმოებდნენ. მათი ცნობით, ობიექტებზე უცხოელი დაქირავებული მებრძოლებიც იმყოფებოდნენ. როგორც სამინისტრო წერს, ყველა სამიზნე განადგურებულია.

ცნობისთვის, 23 ივლისს ღამით ოდესაში მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 19 დაიჭრა. ქალაქში დაიბომბა ფერიცვალების ტაძარი და 6 საცხოვრებელი სახლი. გარდა ამისა, დაზიანდა ათობით მანქანა. აფეთქებების შედეგად მრავალ შენობაში ჩაიმსხვრა ფანჯრები, სახურავები და ფასადები.

თავდასხმის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განმარტა, რომ ოდესაზე სარაკეტო ტერორი მარცვლეულის დერეფნის აღდგენის განეიტრალების მცდელობაა. დანილოვის თქმით, უკრაინამ რუსების გეგმის შესახებ იცის და მათ სათანადოდ უპასუხებს.

თავდასხმას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც და თქვა, რომ ოდესის გამო რუს ტერორისტებს სამაგიერო მიეზღვებათ.

კომენტარები