კრიმინალი აშშ-ში

"დამეხმარეთ!" – ტეხასში გატაცებული 13 წლის გოგო წარწერის დახმარებით გადაარჩინეს

13 წლის გოგოს მიერ ქაღალდის ნაგლეჯზე გაკეთებული წარწერა
U.S. Department of Justice, via Associated Press

ტეხასის შტატში გატაცებული 13 წლის გოგონა მას შემდეგ გადაარჩინეს, რაც კალიფორნიის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ ავტოსადგომზე გამვლელმა დაინახა, როგორ ეჭირა ბავშვს ფურცელი წარწერით "დამეხმარეთ!"

61 წლის სტივენ რობერტ საბლანს გატაცებისა და არასრულწლოვანის დანაშაულებრივ სექსუალურ აქტივობაში ჩართვის მიზნით ტრანსპორტირების მუხლებით ბრალი 20 ივლისს წარუდგინეს.

გოგონამ, რომლის ვინაობაც არ გასაჯაროებულა, სახლი 6 ივლისს ისე დატოვა, რომ მშობლებს არაფერი უთხრა. ის საცხოვრებლად ავსტრალიაში გადასული მეგობრის ნახვას გეგმავდა.

ბავშვი სან ანტონიოში ავტობუსის გაჩერებისკენ მიდიოდა, როდესაც საბლანი მასთან გაჩერდა და იარაღის მუქარით მანქანაში ჩაჯდომა აიძულა. შეშინებული გოგო მოძალადეს გაჰყვა.

გზაში გოგონამ გამტაცებელს ავსტრალიაში წასვლის შესახებ თავისი გეგმები უამბო. საბლანმაც უთხრა, რომ ავსტრალიაში წაიყვანდა, თუ მისთვის რაღაცას გააკეთებდა. შემდეგ მანქანა გააჩერა და ბავშვზე სექსუალურად იძალადა.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში გამტაცებელმა გოგონა მანქანით ტეხასიდან ნიუ მექსიკოსა და არიზონას გავლით კალიფორნიაში ჩაიყვანა. გზაში კაცმა მცირეწლოვანზე რამდენჯერმე იძალადა.

9 ივლისს საბლანმა მანქანა კალიფორნიაში, ლონგ ბიჩში მდებარე სამრეცხაოსთან გააჩერა. მან ბავშვს ტანისამოსის გამოცვლა მოსთხოვა, შემდეგ ტანსაცმელი სამრეცხაოში შეიტანა და მცირეწლოვანი მანქანაში დატოვა.

ბავშვმა მომენტით ისარგებლა და ქაღალდის ნაგლეჯზე შეტყობინება - "დამეხმარეთ!" - დაწერა.

წარწერა დაინახა გამვლელმა, რომელიც პოლიციას დაუკავშირდა. ეკიპაჟის მოსვლისას საბლანი მანქანასთან იდგა, გოგონა კი პირის უხმო მოძრაობით შველას ითხოვდა.

პოლიციელებმა მოძალადე დააკავეს და მოგვიანებით დაადგინეს, რომ მასზე სან ანტონიოში ძებნა იყო გამოცხადებული.

საბლანი სასამართლოს წინაშე 31 ივლისს წარდგება.

კომენტარები