რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ხარკოვისა და სუმის ოლქებზე მიიტანეს იერიში – დაიღუპა 2 ადამიანი

სუმის ოლქში, ქალაქ სერედინა-ბუდაში მდებარე შენობა თავდასხმის შემდგომ
PROSECUTOR'S OFFICE

22 ივლისს რუსების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვისას ქალაქ კუპიანსკში ერთი ქალი გარდაიცვალა.

"დაახლოებით დილის 11:00-ზე ოკუპანტებმა კუპიანსკი დაბომბეს. დაზიანდა კერძო კომპანიის ტერიტორია. დაახლოებით 13:30-ზე რუსებმა კვლავ დაბომბეს კუპიანსკი. თავდასხმის შედეგად 57 წლის მოქალაქე დაიღუპა". - წერია ხარკოვის ოლქის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდასხმის მესამე ტალღის დროს, დაახლოებით შუადღის სამ საათზე, რუსებმა კუპიანსკის რაიონის სოფელი დვორიჩნა დაბომბეს, რის შედეგადაც 60 წლის კაცი დაშავდა.

ოკუპანტებმა საარტილერიო ცეცხლი დაუშინეს სუმის ოლქსაც.

"ადრეული ცნობებით, საარტილერიო ცეცხლს ერთი ადამიანი ემსხვერპლა და კიდევ ოთხმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი". - ამბობს სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.

სუმიზე თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის გენერალური პროკურატურაც. მათი თქმით, რუსებმა დრონის გამოყენებით ქალაქ სერედინა-ბუდას ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები