ოპოზიციური გაერთიანება

წულუკიანი ვაშაძისა და ენმ-ის გაერთიანებაზე: მკვდარი მკვდარს აეკიდა

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის გაერთიანებას გამოეხმაურა. წულუკიანის თქმით, ამ პოლიტიკური ალიანსის შექმნით "მკვდარი მკვდარს აეკიდა".

"ძალა, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ რაღაც რესურსს შეიძენდა, პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდებოდნენ, პოლიტიკური გაერთიანება იქნებოდა, ხმებს მოიპოვებდნენ და თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას გამოეყვნენ, მე ვიტყოდი, აბსოლუტური ილუზიებით - ახლა ისევ ძველ გაერთიანებას უბრუნდებიან, რომელსაც ისინი იდეურად და იდეოლოგიურად ისედაც ყოველთვის ეკუთვნოდნენ და ამით საკუთარი თავის გაძლიერებას ცდილობენ. უარეს შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა. აქედან ჩვენ არავითარ შედეგს არ ველოდებით". - ამბობს წულუკიანი.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკურ ალიანსი შექმნეს. გიორგი ვაშაძემ და ლევან ხაბეიშვილმა "გამარჯვების პლატფორმა" დააფუძნეს. 

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მათ სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების დამარცხების საერთო სტრატეგია ექნებათ.

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით კი ისინი იწყებენ გამარჯვების, ცვლილებებისა და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას.

ლევან ხაბეიშვილმა სხვა პარტიებსაც მოუწოდა, პლაფტორმას შემოურთდნენ და ამასთან დასძინა, რომ თუ ენმ-სთან ერთად არ შეუერთდებიან ამ ინიციატივას, მაშინ "თავად გააკეთონ და აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი". 

პოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეას სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მანამდე, დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ "ოპტიმალურ საარჩევნო კონფიგურაციაში ვაშაძე თავის თავს ხედავს ენმ-სთან, დროა კი - არა". 

გირჩი-მეტი თავისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე კობერიძემ კი აღნიშნა, რომ მისი პარტია ენმ-სთან საერთო საარჩევნო სუბიექტად ყოფნას არ აპირებს. "სავარაუდოდ გვექნება საუბარი ლელოსთან და სხვა პროდასავლურ პარტიებთან".-თქვა კობერიძემ. 

პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ლელო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებს, სადაც ნაციონალური მოძრაობის ადგილი არ იქნება.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელმა პროპორციულ ნაწილში ხმების 1.34% მიიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 30.67%. ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელს მხარი მოსახლეობის 3.15%-მა დაუჭირა, ხოლო ენმ-ს 27.18%-მა.

 

კომენტარები