საქართველო-უკრაინა

პაპუაშვილი: უკრაინის მთავრობის ნაწილმა აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა, როგორც პოლიტიკა

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა, როგორც საკუთარი პოლიტიკა, და ეს არ არის ახალი. ჩვენ ბევრი მიზეზის გამო, ხალხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამო ანგარიშს ვუწევთ ამ გარემოებას და იცით, რომ თავს ვიკავებთ ზედმეტი კომენტარებისგან, როდესაც უკრაინის ხელისუფლებას არჩეული აქვს ქართველ ხალხზე თავდასხმა, როგორც საკუთარი პოლიტიკა, რომელიც უკვე წლებია, მიდის. 

ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის მრჩევლად ნიშნავდნენ. ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ კრიმინალი ადეიშვილი დღეს, ფაქტობრივად, უკრაინის გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი წამყვანი პირია. ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის უმაღლესი თანამდებობის პირებმა დააორგანიზეს სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში. ვიცით, ვინც არიან ორგანიზატორები - გია ლორთქიფანიძე არის ერთ-ერთი მთავარი და ის არის უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე. ნაცვლად იმისა, რომ ეს დამნაშავეები უკრაინის ხელისუფლებას გადმოეცათ ქართული მართლმსაჯულებისთვის და ქართველი ხალხისთვის, მათ ისინი შეიფარეს, დააწინაურეს და არიან მათი ხელისუფლების ნაწილი. 

ჩვენი თავშეკავება არის იმაში, რომ ეს გავლენას არ ახდენს ჩვენს დამოკიდებულებაზე უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ, ჩვენ პატივს ვცემთ მათ. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება დღეს აცდენილია საკუთარი ხალხის ინტერესებს, იმიტომ, რომ თავს ესხმის ქართველ ხალხს. დრო გავა, ეს ომი დასრულდება და უკრაინელი ხალხი კიდევ ერთხელ შეაფასებს ამას, იტყვის, რომ საბოლოო ჯამში საქართველო და ქართველი ხალხი იყო, ვინც ამ ომში ყველაზე გულწრფელი მხარდამჭერი იყო უკრაინელი ხალხის. 

ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. 

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ უკრაინა დაინტერესებული იყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, დავით არახამია გამოეხმაურა და დაწერა: "თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ქართული ოცნების მთავრობაა"

კომენტარები