დიდი ბრიტანეთი-უკრაინა

ბრიტანული დაზვერვის უფროსი რუსებს რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობისკენ მოუწოდებს

MI6-ის უფროსი, სერ რიჩარდ მური 
Stefan Rousseau/PA

Politico-სთან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის დაზვერვის - MI6-ის უფროსმა, სერ რიჩარდ მურმა რუსებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვისთვის ჯაშუშობისკენ საჯაროდ მოუწოდა

სერ რიჩარდ მურმა თქვა, რომ სისხლისღვრის დასასრულებლად მასშტაბური რეკრუტირების კამპანია არის საჭირო. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურს უკვე აქვს გარკვეული წარმატება ჯაშუშების გადმობირების მიმართულებით.

"მე მათ ვიწვევ, რომ გააკეთონ ის, რაც სხვა ჯაშუშებმა, უკანასკნელი 18 თვის მანძილზე, უკვე გააკეთეს. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. [...] მათი საიდუმლოები ჩვენს ხელში უსაფრთხოდ იქნება და ჩვენ ვიმუშავებთ ერთად სისხლისღვრის დასასრულებლად". - თქვა MI6-ის უფროსმა. 

სერ რიჩარდ მური პუტინის რეჟიმს "არასტაბილურ ავტოკრატიად" მოიხსენიებს, რომლის "გარდაუვალი დაცემა" ცხადად გამოაჩინა ევგენი პრიგოჟინის სამხედრო გადატრიალების მცდელობამ.

მურმა კითხვა-პასუხის სესიაზე თქვა, რომ "დამანგრეველი ომის" და ევგენი პრიგოჟინის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ფონზე პუტინი დიდი წნეხის ქვეშაა. 

"მოვლენათა უჩვეულო ჯაჭვია… საუზმეზე პრიგოჟინმა დაიწყო, როგორც მოღალატემ, ვახშმისთვის ის შეიწყალეს, ხოლო რამდენიმე დღეში ჩაიზე დაპატიჟეს". - თქვა სერ რიჩარდ მურმა. 

კომენტარები