დიდი ბრიტანეთი-უკრაინა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი დაითხოვა

ვადიმ პრისტაიკო 
(PA)

21 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთიდან უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო დაითხოვა. ელჩის დათხოვნის დეკრეტი ზელენსკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

უკანასკნელ დღეებში პრისტაიკომ ზელენსკისადმი კრიტიკული განცხადებები გააკეთა. Sky news-თან ინტერვიუში პრისტაიკომ გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის სიტყვებთან დაკავშირებით.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა თქვა, რომ ხალხს სჭირდებოდა უკრაინისგან დაენახა მეტი მადლიერება იმ მასშტაბური დახმარებებისთვის, რაც უკრაინამ მოკავშირეებისგან მიიღო ვილნიუსის სამიტზე. უოლასმა ასევე თქვა, რომ ბრიტანეთი არ არის Amazon-ის იარაღის მიწოდების სერვისი უკრაინისთვის. 

“როგორ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი მადლიერება? ჩვენ შეგვიძლია გავიღვიძოთ ყოველ დილას და მადლობა გადავუხადოთ მინისტრს. მომწეროს და მითხრას, როგორ გადავუხადო მადლობა” - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვადიმ პრისტაიკომ ზელენსკის პასუხი სარკაზმად შეაფასა.

“მე არ ვფიქრობ, რომ ეს სარკაზმი ჯანსაღია. არაა საჭირო რუსებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენს შორის რაღაც დაძაბულობაა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ” - თქვა პრისტაიკომ. 

რუსეთ-უკრაინის ომის დროს პრისტაიკო საკვანძო ფიგურა იყო უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში. 

კომენტარები