კრიმინალი

დააკავეს 3 ადამიანი, რომლებმაც სოფელ მეტეხში პოლიციელზე იძალადეს – შსს

ტაბულა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს. დაპირისპირებისას პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. 

არსებული ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ ავტოსაგზაო შემთხვევა უძღოდა. მედიისა და ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირებისას პოლიციელმა იარაღიდან გაისროლა - ინფორმაციას უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

"სიტყვიერი შელაპარაკების დროს გამოიყენა სამსახურეობრივი იარაღი და ჰაერში გაისროლა, რასაც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მყოფი ახალგაზრდები შეეწინააღმდეგნენ, როგორც ვიცი, წაართვეს იარაღი და საგამოძიებო მოქმედებებისას არის ამ ახალგაზრდებისგან ამოღებული იარაღი, რომელიც მან გაისროლა". - ამბობს მთავარ არხთან ინტერვიუში გიორგი შარიფაშვილი, კასპის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.  

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, 3 ადამიანი სსკ-ის 126-ე მუხლით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები