საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

ნინო კირთაძე კინოცენტრის განცხადებაზე: თუ ნეპოტიზმი აღმოფხვრეს ჩემი სახით, მივულოცავ

რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის განცხადებასა და ევრიმაჟიდან წამოსვლის შესახებ Formula-სთან ინტერვიუში ილაპარაკა.

"მე ვფიქრობ რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ, ვნახე როგორ დამემშვიდობა კინოცენტრი 4 წლის მუშაობის მერე, მივხვდი რომ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება. თუ ნეპოტიზმი აღმოფხვრეს ჩემი სახით, მოვულოცავ.[...] ხუბუნაიასთან(კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი) ტელეფონით ვისაუბრე, ვერ ვაგებინებ, თუ რა პრობლემა იქმნება შტატი და არ შტატში ყოფნით. [...]იმედი მაქვს, იციან, რასაც აკეთებენ — მე ჩემს ადგილს უბრალოდ ვერ ვხედავ ამ სიტუაციაში... ახლა ვარკვევ, რომ თურმე ნეპოტიზმის ნიმუში ვარ და დროებით უხელფასოდ ყოფნაზე არ ვიყავი თანახმა". – ამბობს კირთაძე ინტერვიუში.

15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ნინო კირთაძე ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი აღარ იქნება. რეჟისორმა წასვლის განცხადება 11 ივლისს დაწერა, რომელიც კინოცენტრმა 13 ივლისს დააკმაყოფილა. 

16 ივლისს კინოცენტრმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კირთაძე ნეპოტიზმში დაადანაშაულა, ასევე ეჭვქვეშ შეიტანა რეჟისორის პროტესტისადმი მხარდაჭერა. 

კინოცენტრის პოსტს ასევე გამოეხმაურა ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე:

"მე დღემდე მადლიერი ვარ, რომ 2019 წელს ნინო ჩემს შეთავაზებას დათანხმდა და ევრიმაჟში და EFP-ში საქართველოს წარმომადგენლის ფუნქცია აიღო თავის თავზე. დიახ, ერთპიროვნულად დავნიშნე, ჯერ ერთი იმიტომ, რომ არც ევრიმაჟის წესდება და არც კინოცენტრის დებულება არ ითვალისწინებს ეროვნული წარმომადგენლის თანამდებობაზე ვაკანსიის გამოცხადებას და, მეორეც იმიტომ, რომ უკეთესი კანდიდატურა არც არსებობდა".

საქართველო ევრიმაჟის წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. ევრიმაჟი ევროსაბჭოს პროგრამაა, რომელიც ევროპის კინოინდუსტრიების თანამშრომლობას უწყობს ხელს. ამისათვის ფონდი რამდენიმე ევროპული ქვეყნის ერთობლივ კინოწარმოებას აფინანსებს და ხელს უწყობს ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას.


საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და რეორგანიზაციის შეწყვეტას ითხოვენ. მათ მხარს ქართველი კინემატოგრაფისტების დიდი ნაწილი უჭერს.

ისინი ამბობენ, რომ  დირექტორი კონკურსის გზით უნდა აირჩეს და ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდეს. ამასთან თანამშრომლების თქმით, დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს.  "დაინიშნოს დემოკრატიულად და არა სამინისტროს მხრიდან სადამსჯელო ღონისძიების აღმასრულებელი ადამიანი".- ამბობენ ისინი. 

კინოცენტრში იყო მისული  პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი  და წამყვანი ბაჩო ოდიშარია, რომელიც კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ფორმულასთან საუბარში მან თქვა, რომ რეორგანიზაციის პროცესში ჩაერთვება და მისთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს პროტესტი. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მას უხერხულობას უქმნის ფორმულას "მიკროფონში პასუხის გაცემაა". 

ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაა, რომელიც  კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებენ. 

რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილ მალევე, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. 

2022 წლის 14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურმა 2019-2020 წლების პერიოდში კინოცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის არის ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.

თავად ჩხეიძე ბრალს უარყოფს.  ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის პერიოდში მან არაერთხელ გააკრიტიკა თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტროს ბოლოდროინდელი პოლიტიკა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე 6 მარტს გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით ეროვნულმა კინოცენტრმა შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსულ გოსფილმოფონდთან, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლა გახდა. კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლის შემდეგ  რუსეთიდან გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების ასლები მათი გაციფრულებისა და აღდგენის მიზნით ჩამოაქვს.

20 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

23 ივნისს თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის ფონზე კინემატოგრაფისტების სხვა ჯგუფს შეხვდა.

28 ივნისს კინოცენტრის თანამშრომლებმა და სხვა სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს წერილით მიმართეს.

ამ დროისთვის ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი საპროტესტო აქცია აქვთ ჩატარებული.

2023 წლის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი ქართული ფილმი მოხვდა. საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ორი ფესტივალის მონაწილე ფილმი ახსენა, თუმცა მხოლოდ ერთი ფილმის ანოტაცია გამოაქვეყნა

კომენტარები