საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

"ვეწინააღმდეგებით რეპრესიულ პოლიტიკას" – კინემატოგრაფისტები კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებენ

ქართველი კინემატოგრაფისტების ნაწილი საქართველოს კულტურის სამინისტროს პოლიტიკას ბოიკოტს უცხადებენ.

"ჩვენ, ქართული კინოს თავისუფლებისთვის გაერთიანებული კინემატოგრაფისტები, რომლებიც ვეწინააღმდეგებით კულტურისა სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკას, 2023 წლის აგვისტოდან ვაცხადებთ ბოიკოტს!

პროტესტის ნიშნად, ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს.

პროტესტის პირველივე დღიდან, ჩვენ ვითხოვთ სისტემურ ცვლილებას - კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას! გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველჰყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება!

დამოუკიდებლობა კინოცენტრს! ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია"! – წერია კინემატოგრაფისტების განცხადებაში. განცხადებას 200-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.


საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და რეორგანიზაციის შეწყვეტას ითხოვენ. მათ მხარს ქართველი კინემატოგრაფისტების დიდი ნაწილი უჭერს.

ისინი ამბობენ, რომ  დირექტორი კონკურსის გზით უნდა აირჩეს და ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდეს. ამასთან თანამშრომლების თქმით, დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს.  "დაინიშნოს დემოკრატიულად და არა სამინისტროს მხრიდან სადამსჯელო ღონისძიების აღმასრულებელი ადამიანი".- ამბობენ ისინი. 

კინოცენტრში იყო მისული  პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი  და წამყვანი ბაჩო ოდიშარია, რომელიც კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ფორმულასთან საუბარში მან თქვა, რომ რეორგანიზაციის პროცესში ჩაერთვება და მისთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს პროტესტი. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მას უხერხულობას უქმნის ფორმულას "მიკროფონში პასუხის გაცემაა". 

ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაა, რომელიც  კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებენ. 

რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილ მალევე, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. 

2022 წლის 14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურმა 2019-2020 წლების პერიოდში კინოცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის არის ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.

თავად ჩხეიძე ბრალს უარყოფს.  ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის პერიოდში მან არაერთხელ გააკრიტიკა თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტროს ბოლოდროინდელი პოლიტიკა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე 6 მარტს გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით ეროვნულმა კინოცენტრმა შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსულ გოსფილმოფონდთან, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლა გახდა. კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლის შემდეგ  რუსეთიდან გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების ასლები მათი გაციფრულებისა და აღდგენის მიზნით ჩამოაქვს.

20 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

23 ივნისს თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის ფონზე კინემატოგრაფისტების სხვა ჯგუფს შეხვდა.

28 ივნისს კინოცენტრის თანამშრომლებმა და სხვა სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს წერილით მიმართეს.

ამ დროისთვის ქართველ კინემატოგრაფისტებს რამდენიმე საპროტესტო აქცია აქვთ ჩატარებული.

2023 წლის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი ქართული ფილმი მოხვდა. საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ორი ფესტივალის მონაწილე ფილმი ახსენა, თუმცა მხოლოდ ერთი ფილმის ანოტაცია გამოაქვეყნა

კომენტარები