ევგენი პრიგოჟინი

წარსულში პრიგოჟინი ბიზნესში კლასელისა და მიხეილ მირილაშვილის დახმარებით ჩაერთო – Проект

ევგენი პრიგოჟინი

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Проект-მა, რომელიც წარსულში რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის საქმიანობას იძიებდა, გამოაქვეყნა მასალები, რომლებშიც საუბარია კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის შორეულ წარსულზე. სტატიაში ნახსენები მოვლენების ნაწილი აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა ზოგიერთი დეტალი აქამდე გასაჯაროებული არ ყოფილა.

Проект-ის მიერ შეგროვებული ინფორმაციის მიხედვით, ახალგაზრდობაში პრიგოჟინს ზედმეტსახელად ჟაკოს ეძახდნენ და როცა 18 წლის იყო, ის მძარცველთა ჯგუფის ლიდერი გახდა. როცა სკოლის დასრულების შემდეგ ის ერთ-ერთი ყაჩაღობის ფაქტის შემდეგ დააკავეს, საკანში რეციდივისტებთან ერთად ჩასვეს. როგორც ის ირწმუნებოდა, რეციდივისტები მორალურად და ფიზიკურად გატეხა. კოლონიაში პირველი სასჯელის მოხდის დროს პრიგოჟინმა მარცხენა ხელის არათითის ნაწილი დაკარგა, სავარაუდოდ, მუშაობის დროს.

2011 წლის ინტერვიუში პრიგოჟინი იხსენებდა, რომ სანქტ-პეტერბურგში ჰოთდოგებს ყიდდა, თუმცა ამ ინფორმაციის სხვა წყაროებიდან დადასტურება შეუძლებელია. თუმცა, როგორც ჟურნალისტურ გამოძიებაშია ხაზგასმული, "ნამდვილად ცნობილია", რომ პრიგოჟინი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ავტომობილებით ვაჭრობდა ენერგეტიკების პროსპექტზე, რომლის მახლობლადაც მდებარეობდა მანქანების ტექნიკური მომსახურების სადგური, სადაც პეტერბურგელი კრიმინალები საკუთარ კარიერას იწყებდნენ. ეს ყველაფერი 90-იანი წლების დასაწყისში ხდებოდა. 

პროექტი წერს, რომ სწორედ 90-იანი წლების დასაწყისში, ევგენი პრიგოჟინი დიდ ბიზნესში საკუთარ გზას იწყებდა, რაშიც მას საკუთარი კლასელი სპორტული ინტერნატიდან, ბორის სპექტორი და მისი ავტორიტეტული პარტნიორი, კრიმინალური ფონის მქონე ბიზნესმენი, მიხეილ მირილაშვილი ეხმარებოდნენ.

90-იანების დასაწყისში მირილაშვილმა და სპექტორმა პარტნიორებთან ერთად პეტერბურგში რამდენიმე კაზინო გახსნეს. ამას გარდა, სპექტორი პროდუქტების მაღაზიების ქსელ კონტრასტსაც ფლობდა. პრიგოჟინი სწორედ ამ ქსელის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი გახდა.

როგორც პროექტი წერს, მათთან ერთ-ერთმა ბიზნესმენმა და მირილაშვილის ნაცნობმა თქვა, რომ პრიგოჟინს პირველი დამოუკიდებელი სერიოზული ბიზნესის შესაქმნელად ფული სწორედ მირილაშვილმა და სპექტორმა მისცეს.

ფაქტი, რომ პრიგოჟინსა და ქართული წარმოშობის ებრაელ ბიზნესმენს, მიხეილ მირილაშვილს, რომელიც ასევე მიშა კუთაისკის ზედმეტსახელითაა ცნობილი, წარსულში ფაქტობრივად საერთო წრე ჰქონდათ, აქამდეც ცნობილი იყო. მაგალითად, The New York Times-ი გასულ წელს წერდა, რომ მირილაშვილმა 90-იანებში პრიგოჟინი საკუთარი ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერად დანიშნა.

ამას გარდა, ღია წყაროებით დაზვერვის ჯგუფი Molfar-ი საკუთარ გამოძიებაში წერდა, რომ 1995-2019 წლებში პრიგოჟინი იყო ორგანიზაცია ნევსკის კავშირის თანადამფუძნებელთა შორის. ორგანიზაცია რესტორნების ქსელებში სპეციალიზდებოდა და მის სხვა თანადამფუძნებლებს შორის იყვნენ ბორის სპექტორი, იგორ გორბენკო და მიხეილ მირილაშვილი. ასევე, ეს გამოძიება ხაზს უსვამდა, რომ პრიგოჟინი ჩართული იყო აზარტული თამაშებისა და კაზინოების ბიზნესში, რომლის მეშვეობითაც, შესაძლოა ის ვლადიმირ პუტინს პირველად შეხვედროდა. Molfar-ი ასევე ყურადღებას აქცევდა ფაქტს, რომ პრიგოჟინის საქმიანობა პარტნიორებთან: სპექტორთან გორბენკოსთან და მირილაშვილთან მომგებიანი იყო, თუმცა არა თანაბარი. ის ხელმძღვანელობდა ორგანიზაციებსა და კომპანიებს, რომლებიც ოფიციალურად გორბენკოსა და მირილაშვილს ჰქონდათ დაფუძნებული. აღსანიშნავია, რომ მირილაშვილს ახლო ურთიერთობა ჰქონდა პეტერბურგის მერ ანატოლი სობჩაკთანაც და რუსული მედიის ცნობით, ის მის საარჩევნო კამპანიასაც აფინანსებდა.

  • აღსანიშნავია, რომ 2014 წლის აპრილში საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში ჩავიდა, სადაც ის მიხეილ მირილაშვილსაც შეხვდა. ვრცლად მირილაშვილის წარსულის შესახებ, წაიკითხეთ აქ – მიშა კუტაისკი.

პროექტი წერს, რომ, თავდაპირველად, რესტორანი, სადაც მაშინ ჯერ კიდევ იშვიათი კერძების გასინჯვა შეიძლებოდა, ფაქტობრივად ცარიელი იყო ხოლმე. თუმცა მალე მან პეტერბურგის მაღალჩინოსნების ყურადღება მიიპყრო. მაგალითად, უფლიბამოსილების ვადის გასვლამდე, რესტორანს ესტუმრა მაშინდელი ქალაქის მერი, ანატოლი სობჩაკი, საკუთარ ცოლთან ერთად. როგორც პროექტი ხაზს უსვამს, რესტორანში პირველად სწორედ ამ დროს გამოჩნდა სობჩაკის მოადგილეც, ვლადიმირ პუტინი.

თუმცა, პროექტი ხაზს უსვამს, რომ პრიგოჟინისთვის "მთავარი ტრამპლინი" 1997 წელს გახსნილი რესტორანი New Island-ი გახდა. როდესაც პუტინი პრეზიდენტი გახდა, აქ ის მსოფლიო ლიდერებს ხვდებოდა. ამ რესტორანში უმასპინძლეს აშშ-ს 43-ე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსაც. როგორც პროექტი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა წარმატებას მიაღწია და "პუტინის მზარეული" გახდა, მას ძველი პარტნიორები აღარ სჭირდებოდნენ. ამასთანავე, 2001 წელს მირილაშვილს პრობლემები შეექმნა, ის გატაცების ბრალდებით დააკავეს (მირილაშვილი 2009 წელს გაათავისუფლეს და ის პეტერბურგსა და ისრაელში მოღვაწეობას დაუბრუნდა). მალე მისი ბიზნეს იმპერიის გაყოფა დაიწყო და საბოლოოს ქართველ-ებრაელ ბიზნესმენს მხოლოდ ებრაული რესტორანი, სახელად 7:40 დარჩა, ხოლო დანარჩენი დაწესებულებები, როგორც პროექტი წერს, უეცრად ევგენი პრიგოჟინის ხელში ჩავარდა.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, როგორც პროექტი წერს, ბევრი ადამიანი, რომლებიც პრიგოჟინს იცნობენ, ამბობენ, რომ ის ძალადობისკენაა მიდრეკილი. მაგალითად, ცნობების მიხედვით, 2000-იანების შუაში მისმა კომპანიამ ორ თანამშრომელს დაახლოებით 200 000 რუბლი არ გადაუხადა, თითქოსდა, ცუდი მუშაობის გამო. როდესაც ისინი პრიგოჟინის ოფისში მივიდნან, მისმა დაცვამ მათ სცემა და გააგდო. ამას გარდა, ცნობებით, ერთხელ თავად პრიგოჟინმა საკუთარ მძღოლს ფეხი ჩაარტყა, რათა აჩქარებულიყო. როგორც პროექტი წერს, მის ოფისში ძალადობას სპეციალური ზედამხედველიც კი ჰყავდა. ამას გარდა, გამოცემამ პირველად გამოაქვეყნა პრიგოჟინის სახლის ჩხრეკის დროს სავარაუდოდ ნაპოვნი დაუფარავი ფოტო, რომელზეც 7 შავკანიანი ადამიანის მოკვეთილი თავი ჩანს.

პრიგოჟინთან დაკავშირებულ დანაშაულთა შემთხვევებს სამართალდამცავი ორგანოები ძალიან ფორმალურად ან საერთოდ არ იძიებდნენ. ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როცა პრიგოჟინის თანამშრომლები ადამიანებს ფიზიკურად ისე გაუსწორდნენ, რომ შემდეგში ამან მათი სიკვდილი გამოიწვია, თუმცა პასუხი ამაზე არავინ აგო.

ასევე პროექტი წერს, რომ პრიგოჟინის ოფიციანტები, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს ემსახურებოდნენ, მათ უსმენდნენ კიდეც და უფროსს ანგარიშებს აბარებდნენ. თავად პრიგოჟინი პირადად მუშაობდა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე და "მონდომებით აკონსპექტებდა საკუთარ საუბრებს ქვეყნის მმართველებთან", როგორც პროექტი წერს. ამავე ცნობით, პუტინის მიმართ პრიგოჟინს მუდამ "დემონსტრაციული პატივისცემა" ჰქონდა და მასზე მესამე პირში საუბრობდა, საკუთარ ჩანაწერებში კი მის მოსახსენიებელ ნაცვალსახელს დიდი ასოებით წერდა.

პროექტის მონაცემების მიხედვით, პრიგოჟინი დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა, რადგან მას კუჭის სიმსივნე აწუხებდა, თუმცა ახლა გართულების პროცესი შეჩერებულია. როგორც დამოუკიდებელი მედია წერს, დაავადების გამო ოლიგარქი მკაცრ დიეტას იცავს და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. 

პროექტი აღნიშნავს, რომ პრიგოჟინის გარემოცვაში ფიქრობენ, რომ მან აჯანყება იმპულსური ხაისათის გამო დაიწყო.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

კომენტარები