რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩეხეთი უკრაინას F-16 მოიერიშე თვითმფრინავების პილოტების გაწვრთნაში დაეხმარება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ჩეხეთის პრემიერმინისტრი, პეტრ ფიალა პრაღაში. 2023 წლის 7 ივლისი
Ukrainian Presidential Press Service/Reuters

პრაღაში 7 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს ჩეხეთის პრემიერმინისტრმა, პეტრ ფიალამ თქვა, რომ ჩეხეთი უკრაინისთვის ვერტმფრენების გადაცემას და F-16 გამანადგურებლების პილოტების გაწვრთნაში დახმარებას გეგმავს.

"დღეს დავუდასტურე ბატონ პრეზიდენტს (ზელენსკის), რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მომავალ თვეში უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენებს და დიდი კალიბრის ჭურვების დამატებით 100 000 ერთეულს გადასცემს". - თქვა ფიალამ.

მანვე დასძინა, რომ ჩეხეთი უკრაინას F-16 მოიერიშე თვითმფრინავებისთვის პერსონალის მომზადებაში დაეხმარება და კიევს წვრთნებისთვის სიმულატორსაც მიაწვდის.

ჩეხეთის არმიას დაახლოებით 40 ერთეული საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავს, რომელთაგან 30 საბჭოთა ან რუსული წარმოებისაა. ქვეყანამ უკრაინას ვერტმფრენები გასულ წელსაც მიაწოდა. კიევისთვის გადაცემული ვერტმფრენების სანაცვლოდ პრაღა აშშ-სგან ახლებს მიიღებს.

კომენტარები