ბელარუსი

ტიხანოვსკაიამ მიიღო ანონიმური შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მისი ქმარი ციხეში დაიღუპა

სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსის ქალაქ ბრესტში გამართულ მასობრივ დემონსტრაციაზე. 2020 წლის 2 აგვისტო
AP

ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას თქმით, მან მიიღო ანონიმური შეტყობინება, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ მისი ქმარი, სერგეი ტიხანოვსკი, ციხეში დაიღუპა.

როგორც ტიხანოვსკაიამ Associated Press-თან ინტერვიუში თქვა, თავის ქმართან დაკავშირებით მარტის შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. მასთან ადვოკატსაც აღარ უშვებენ და ვეღარც წერილებს გზავნიან.

"მის შესახებ არაფერი ვიცი. ერთი წერილიც კი არ მიმიღია და კომუნიკაცია მისი ადვოკატის საშუალებითაც ვერ შედგა". - თქვა ტიხანოვსკაიამ და დასძინა, რომ არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სერგეი ტიხანოვსკი ციხეში გარდაიცვალა არ აქვს და ბელარუსის მთავრობას მოუწოდებს დაამტკიცონ, რომ სერგეი ცოცხალია.

პოპულარული ბლოგერი და ოპოზიციონერი აქტივისტი, 44 წლის სერგეი ტიხანოვსკი ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ არჩევნებში მონაწილეობის მიღების გეგმის დაანონსების შემდეგ, 2020 წელს დააკავეს და 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დაკავების შემდეგ ტიხანოვსკის მაგივრად არჩევნებში მონაწილეობა მისმა ცოლმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მიიღო.

9 აგვისტოს გამართულ არჩევნებში ოფიციალური ინფორმაციით ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ტიხანოვსკაია არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებსაც ხელისუფლება ძალადობრივად ახშობდა. არჩევნების შემდეგ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობდა, რომ ბელარუსში მაშინ დაბრუნდება, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. ქვეყნის დატოვების შემდეგ ტიხანოვსკაია აქტიურად ხვდება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს.

სერგეი ტიხანოვსკი არ არის ერთადერთი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმმა ციხეში გამოამწყვდია. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა და დააპატიმრეს ვიქტარ ბაბარიკაც, რომლისგანაც 67 დღეა არავის არაფერი სმენია და ფიქრობენ, რომ ის მძიმედ ნაცემია და ციხის საავადმყოფოში წევს.

2020 წლის სექტემბერში დააკავეს ბაბარიკას კამპანიის მენეჯერი, მარია კოლესნიკოვაც, რომელიც მოგვიანებით ტიხანოვსკაიას კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. მას 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. Amnesty International-ის ცნობით, უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში კოლესნიკოვას არ აძლევენ სატელეფონო ზარების განხორციელების, წერილების დაწერის, ოჯახისა და ადვოკატების ნახვის საშუალებას, რის გამოც მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.

14 წლიან სასჯელს იხდის კიდევ ერთი ოპოზიციონერი, ნიკოლაი სტატკევიჩი, რომლის შესახებაც უკვე 145 დღეა არავის არაფერი სმენია.

მაისის ბოლოს ლუკაშენკამ შეიწყალა კიდევ ერთი პოლიტპატიმარი, ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, რამან პრატასევიჩი, რომელიც 2021 წლის 23 მაისს, Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის მინსკის აეროპორტში იძულებით დასმის შემდეგ დააკავეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გათავისუფლებამდე პრატასევიჩმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ძალადობის კვალი ემჩნეოდა. პრატასევიჩთან ერთად დაკავებულს, ჟურნალისტის მეგობარ გოგონას, სოფია საპეგას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ბოლო ცნობებით, ბელარუსის ციხეებში 1 501 პოლიტიკური პატიმარია.

კომენტარები