ბელარუსი

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბელარუსი ოპოზიციონერები, მაქსიმ ზნაკი და მარია კოლესნიკოვა სასამართლოს სხდომაზე, 2021 წლის 6 სექტემბერი
Reuters

მარია კოლესნიკოვას, ბელარუსში, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ლიდერს, ბელარუსის სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

39 წლის ყოფილი მუსიკოსი საპროტესტო აქციების ლიდერი ნელ-ნელა, 2020 წლის აგვისტოდან გახდა.

კოლესნიკოვასა და კიდევ ერთი ოპოზიციონერს, მაქსიმ ზნაკს სამი ბრალდება წაუყენეს: ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარისშემცველი ქმედებებისკენ მოწოდება და ძალაუფლების ხელში ჩაგდები მცდელობა. ზნაკს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მაქსიმალური სასჯელი, რომელიც ამ ბრალდებებით შეიძლებოდა მათთვის წაეყენებინათ, 12-წლიანი პატიმრობა იყო.

კოლესნიკოვა 2020 წლის 7 სექტემბერს გაუჩინარდა. თვითმხილველთა ცნობით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული და ნიღბიანი ადამიანები კოლესნიკოვასთან მივიდნენ და ძალის გამოყენებით აიყვანეს მიკროავტობუსში, რომელსაც ეწერა "Связь". მიკროვატობუსი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კოლესნიკოვა 8 სექტემბერს ბელარუსისა და უკრაინის საზღვრის გადაკვეთის დროს დააპატიმრეს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარია კოლსენიკოვამ თავისი პასპორტი დახია, რათა უკრაინაში მისი დეპორტაცია არ მომხდარიყო. დაკავების შემდეგ მას ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებისათვის ბრალი წარუდგინეს.

ოპოზიციონერებისთვის 10 და 11 წლის მისჯა დაგმო ევროკავშირმა და ბელარუსი პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ევროკავშირი წუხს ბელარუსში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უპატივცემლობის გამო.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციების ძალადობრივად ჩახშობის გამო ლუკაშენკოს რეჟიმს სხვადასხვა ქვეყანამ დაუწესა სანქციები.

ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები