რამან პრატასევიჩი

უზომოდ მადლიერი ვარ – შეწყალების შემდეგ რამან პრატასევიჩი ლუკაშენკოს საჯარო მადლობას უხდის

რამან პრატასევიჩი
ფოტო: voanews.com

შეწყალების შემდეგ ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, რამან პრატასევიჩი, რომელსაც მინსკის რაიონული სასამართლოს მიერ მაისის დასაწყისში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, პროპაგანდისტულ არხებზე ინტერვიუებში პრეზიდენტ ლუკაშენკოს საჯაროდ უხდის მადლობას.

პრატასევიჩი პატიმრობიდან გასულ კვირას გაათავისუფლეს. მაისში ჟურნალისტი მასობრივი არეულობის, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნის, ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნის ან ლიდერობის და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მოწყობის ბრალდებით გაასამართლეს.

"მე უზომოდ მადლიერი ვარ ამ ქვეყნისა და პირადად პრეზიდენტის. რატომ უნდა წავიდე? აქ ძალიან კარგია, ბევრი ახალგაზრდაა, ყველა სეირნობს, ჩიტები გალობენ". - აღნიშნა რამან პრატასევიჩმა სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში. 

ამასთან, ჟურნალისტმა ბოდიში მოუხადა სპეცრაზმს, რომელიც მისივე თქმით, 2020 წლის მასობრივი აქციების დროს ქვეყანას იცავდა, თავად კი დავალებული ჰქონდა დაპირისპირება გაეღვივებინა, რათა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ბელარუსის სანქცირების საბაბი მიეცა. 

ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა, სოფია საპეგა 2021 წლის 23 მაისს მინსკში დააკავეს. პრატასევიჩის დასაკავებლად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

25 მაისს ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ryanair-ის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება ჰამასისგან მიიღო. უწყების გავრცელებული წერილის თანახმად, ჰამასი ისრაელისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი ვილნიუსის თავზე აფეთქდებოდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პრატასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.ევროკავშირმა ბელარუსს შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რამან პრატასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.

პატიმრობის ყველაზე მძიმე მომენტში პრატასევიჩმა უარი თქვა მეგობარ გოგოსთან ურთიერთობაზე. საჯაროდ გამოაცხადა, რომ დაშორდა და სხვა ქალზე იქორწინა. ამ დროს ჟურნალისტი შიდა პატიმრობაში იმყოფებოდა, როგორ მოახერხა ამ პირობებში ქორწინება ახსნილი არ იყო, თუმცა გამოქვეყნდა მისი და ახალი პარტნიორის ფოტო. სოფია საპეგას ცოტა ხნის წინ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 


რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეპან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პრატასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევიჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები