საბავშვო ბაღები

თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10 ივლისს დაიწყება

ტაბულა

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება. 

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, რეგისტრაცია წარიმართება ელექტრონულად, სამ ეტაპად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge.   

პირველი ეტაპი 10 ივლისის 10:00 საათიდან 16 ივლისის 00:000-მდე გაგრძელდება. კალაძის თქმით, პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან მიზნობრივი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები: 

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
  • ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
  • მარტოხელა მშობლის შვილი;
  • მრავალშვილიანი ოჯახის შვილები ან/და ნაშვილები; 
  • სამხედრო მოსამსახურეების შვილები; 
  • საჯარო ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილები; 
  • საჯარო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები; 

რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, რომელიც 17 ივლისის 10:00-ზე დაიწყება, დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები. რეგისტრაცია 24 ივლისის 00:00-მდე გაგრძელდება.   

რაც შეეხება მესამე ეტაპს, კალაძის განმარტებით, ის გულისხმობს საყოველთაო რეგისტრაციას და 25 ივლისს, 10:00-დან დაიწყება.  

"რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 18 სექტემბერის მდგომარეობით შეუსრულდება ორი წელი. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, შეუძლია განცხადებით მიმართოს სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს". - თქვა კახა კალაძემ.

კომენტარები