საბავშვო ბაღები

გაკოტრებამდე მისული კერძო ბაღები და მშობლები, რომლებსაც ბავშვების დამტოვებელი არ ჰყავთ

კორონავირუსის პანდემიის გამო, სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის საბავშვო ბაღებში, სასწავლო პროცესი სამ თვეზე მეტია, შეჩერებულია. შეზღუდვები მოიხსნა თითქმის ყველა სექტორში, ბაღების აღდგენა კი, სექტემბრამდე არ იგეგმება. კერძო ბაღები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. პრობლემის წინაშე დადგნენ ის მშობლებიც, რომლებიც სამუშაო საათებში ბავშვებს ბაღში ტოვებდნენ. ამის გამო, ზოგიერთი მათგანი სამსახურში სიარულსაც ვერ ახერხებს. 

ბაღების გახსნის მოთხოვნით, პედაგოგებმა და მშობლებმა მთავრობას პეტიციით მიმართეს. შეზღუდვების მოხსნას და პროცესის განახლებას კერძო ბაღები ითხოვენ. სკოლამდელი აღზრდის 60-მდე დაწესებულებამ იმავე შინაარსის წერილით მერიას, ბაღების სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა. მიმართვას ხელი 1000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა.  

"გთხოვთ, გაითვალისწინოთ საკითხის მნიშვნელობა ბავშვებისათვის, მშობლებისათვის და ამ სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანისათვის და სპეციალისტების მონაწილეობით, რაც შეიძლება მოკლე დროში შეიქმნას ხედვა, რეკომენდაციები  და გრაფიკი ფუნქციონირების აღსადგენად", - წერია პეტიციაში. 

კერძო ბაღების წარმომადგენლები იმ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც ძირითადად ფინანსურ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული. საჯარო ბაღებისგან განსხვავებით, მათ შემოსავალი აღარ აქვთ და უმეტესობა გაკოტრების პირასაა. 

საბავშვო ბაღის, "ანბანელას" ხელმძღვანელი, ქეთი წულიაშვილი ამბობს, რომ  მათ უკვე აღარ აქვთ რესურსი, გადაიხადონ საბანკო ვალდებულებები და იჯარა.

უმუშევრად დარჩნენ ბაღის მასწავლებლებიც, რომელთა უმეტესობაც უკვე ახალ სამსახურს ეძებს. 

მისი თქმით, სურთ და თავისუფლად შეუძლიათ მუშაობის აღდგენა თუნდაც იმ რეგულაციით, რომ ჯგუფში მხოლოდ 10 ბავშვი იყოს. 

"უმეტესი დროის ეზოში გატარებაც შეგვიძლია. ყველა რეკომენდაციას დავიცავთ, რასაც ჩვენთვის განიხილავენ და დააწესებენ. ერთადერთი არის ის, რომ ბავშვები ვერ გაიკეთებენ პირბადეს. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ პარკები და სკვერები გადაჭედილია ბავშვებით და ბაღები ძალიან განტვირთავდა ამ სიტუაციასაც"  - უთხრა ტაბულას "ანბანელას" ხელმძღვანელმა ქეთი წულიაშვილმა. 

მისი ინფორმაციით, ბაღების დაკეტვის გამო, დაახლოებით 2500 ადამიანი დარჩა უმუშევარი.

ბაღების უმეტესობას შენობების დაცლა უწევს, რადგან ისინი ქირის საფასურის გადახდას ვეღარ ახერხებენ. 

"ანბანელას" ხელმძღვანელის თქმით, ბაღების გახსნასთან დაკავშირებით მათ მოთხოვნას სახელმწიფო უწყებებიდან მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა, სადაც ამბობენ, რომ ამ დროისთვის, ბაღების გახსნას მიზანშეწონილად არ თვლიან. 

საბავშვო ბაღის  Mother.ge - ს დამფუძნებელი თამარ ჭულაღიძე ამბობს, რომ ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად მას საკუთარი სახლის გაყიდვა მოუწია. 

"ბანკებმა სექტემბრამდე გადაგვივადეს საბანკო ვალდებულება, მაგრამ ისიც საკითხავია, ამ მდგომარეობით სექტემბერში შევძლებთ თუ არა გახსნას. არ ვიცით, როდის ავიდგამთ თავიდან ფეხს, რომ ფინანსური ვალდებულებების გადახდა შევძლოთ. ძალიან დიდი ფინანსები გვაქვს ამ ყველაფერში ჩადებული, მე პირადად, მომიწია ბინის გაყიდვა, რომ რაღაც ვალდებულებები შევასრულო და დღესვე არ მომიწიოს დახურვა. თუმცა, ეს პროცესი თუ ძალიან გაიწელება, ვეღარც სექტემბერში შევძლებთ გახსნას". 

მისივე თქმით, კერძო ბაღები მზად არიან, დაიცვან ყველა სახის რეკომენდაცია, რაც მათთვის იქნება შემუშავებული. 

"ყველა კერძო ბაღის სახელით შემიძლია გესაუბროთ, რადგან ყველას მსგავსი პრობლემა გვაქვს. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ყველა სახის რეკომენდაცია, დიახ, ერთადერთი არის ის, რომ ბავშვები პირბადეს ვერ გაიკეთებენ,  თუმცა ზაფხულის პერიოდია და უმეტესი დროის ეზოში და ვერანდაზე გატარება შეგვიძლია. ჩემ შემთხვევაში, მაქვს დიდი ეზო, სამი ვერანდა, ერთ იზოლირებული გადახურული აივანი" - ამბობს ჭულაღიძე ტაბულასთან საუბარში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც ჰიგიენის ნორმებს უკავშირდება, Mother.ge-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კერძო ბაღი ამას პანდემიამდეც იცავდა - "ანტისკეპტიკებით დამუშავება, ინვენტარების, სათამაშოების ყოველდღიურად გასუფთავება, ამ ყველაფერს ჩვენ ისედაც ვასრულებდით, ამიტომ არ იქნებოდა რთული“.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პროექტი - საზაფხულო ბაღები - შეღავათი იყო იმ მშობლებისთვის, რომლებიც ამ პერიოდში თავიანთი მცირეწლოვანი შვილების თბილისიდან დასასვენებლად წაყვანას ვერ ახერხებენ. 

ამ პროექტის შედეგად, თბილისში, ყოველ ზაფხულს, ივლისის თვეში, 40 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომლითაც 14 ათასამდე აღსაზრდელი სარგებლობდა. 

8 ივნისს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ წელს საზაფხულო ბაღები არ გაიხსნება. მისი განმარტებით, ვინაიდან ერთ სივრცეში ხდება კონცენტრაცია, ბავშვები, შესაძლოა, სხვადასხვა ოჯახში ინფექციის მიტანის საფუძველი გახდნენ.

"სექტემბრამდე ასეთი ტიპის ობიექტების გახსნაზე საუბარი ნაადრევია. ამიტომ უნდა დაველოდოთ ეპიდსიტუაციას და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ" – თქვა ბექა ფერაძემ.

მშობლები, რომლებიც მუშაობენ და მცირეწლოვან შვილებს ვერსად ტოვებენ, სერიოზული პრობლემების წინაშე დადგნენ. ბაღი მათთვის დიდ შეღავათს წარმოადგენდა, ახლა კი, ზოგიერთი მათგანი იძულებულია, სახლში ბავშვებთან დარჩეს და ამის გამო, ისინი შემოსავლის გარეშე რჩებიან. 

სტატიაში მშობლების სახელი და გვარი შეცვლილია. მათ კონფიდენციალურად საუბარი ამჯობინეს, რადგან მათი თქმით, არ სურთ, საჯარო სექტორში დასაქმებულ ოჯახის წევრებს „პრობლემები შეუქმნან“. 

„ბაღი ჩემთვის დიდ შეღავათს წარმოადგენდა. მე და ჩემი მეუღლე მარტო ვცხოვრობთ და ის პერიოდი, როცა ჩვენ სამსახურში ვიყავით, ბავშვი ბაღში იყო. ახლა მიწევს ბავშვი ყოველ დილით გურამიშვილის გამზირიდან, საბურთალოს ქუჩაზე წავიყვანო ჩემს მშობლებთან და მერე წავიდე სამსახურში. სამსახურის შემდეგ კვლავ მივაკითხო და წამოვიყვანო. ეს ძალიან დიდ ენერგიას, ნებისყოფას და ფინანსებს მოითხოვს.

გარდა ამისა, ჩემს შვილს აქვს ისეთი ასაკი, როცა ბევრ რამეს სწავლობს, ვითარდება და ბაღი ამაში ძალიან ეხმარებოდა. ახლა გამოკეტილია სახლში, არ აქვს შეხება ბავშვებთან და ეს მასზე უარყოფითად აისახება“, - ამბობს ქეთი ხუციშვილი.  

კიდევ ერთი მშობელი, ლინდა ჩიქობავა ტაბულას ეუბნება, რომ ბაღების დახურვის გამო, მუშაობას ვერ ახერხებს.

„პანდემიამ ძალიან დიდი ზიანი მოაყენა ჩემს ოჯახს. მათ შორის, ჩემს კერძო ბიზნესს. მაქვს ტანსაცმლის მაღაზია, სადაც თვითონ მიწევს ყველაფრის კეთება. ისედაც არსებულ პრობლემებს დაემატა ისიც, რომ მიწევს ყოველდღიურად სახლში ყოფნა. ამ საზაფხულო პროგრამის იმედზე ვიყავი დარჩენილი, ვფიქრობდი, რომ ბავშვი დროს ბაღში გაატარებდა და მე სამსახურის საქმეებს მოვაწესრიგებდი. ბავშვს ისედაც მარტო ვზრდი, თუმცა, ახლა საერთოდ ყველაფრისთვის მიწევს თავის დანებება, ამის გამო შემოსავლის გარეშე დავრჩი. ამას დაემატა ისიც, რომ რამდენიმე თვე სახლში გამოკეტვის შემდეგ, ბავშვი გახდა აგრესიული. ყოველთვის დაჟინებით ითხოვს, ბაღში, მის მეგობრებთან დაბრუნებას“, - ამბობს ის. 

სახელმწიფო უწყებებში აცხადებენ, რომ „სასწავლო დაწესებულებები სექტემბრამდე არ გაიხსნება. კითხვაზე, თუკი შეძლებენ კერძო ბაღები ყველა რეკომენდაციის დაცვას, რატომ არ შეიძლება მათი ზაფხულის პერიოდში აღდგენა, მთავრობის პრესსამსახურში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მის გადახედვას არ აპირებენ. 

ჯანდაცვის სამინისტრო ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. თბილისის მერიაში კი ამბობენ, რომ საკითხი მათ არ ეხებათ. რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ცენტრს, პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ბაღების გახსნა მათი კომპეტენცია არ არის. მათი თქმით, სასწავლო დაწესებულებების გახსნა რეკომენდებული რომ იყოს, აქამდე აუცილებლად გაიხსნებოდა. 

კომენტარები