პრიგოჟინის ამბოხება

პრიგოჟინი: კოლონებს უკან ვაბრუნებთ, საველე ბანაკებში ვბრუნდებით, გეგმის მიხედვით

ევგენი პრიგოჟინი

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ ის ძალებს აბრუნებს უკან, საველე ბანაკებში.

"სურდათ კსკ ვაგნერის დაშლა. ჩვენ 23 ივნისს სამართლიანობის მარშზე გავედით. ერთ ღამეში მოსკოვამდე 200 კილომეტრამდე გავედით. ამ დროის განმავლობაში ჩვენი მებრძოლების ერთი წვეთი სისხლიც არ დაგვიღვრია. ახლა დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობის გააზრებით, რომ დაიღვრება რუსული სისხლი ერთ-ერთი მხარის მიერ, ჩვენს კოლონებს უკან ვაბრუნებთ და უკანა მიმართულებით მივდივართ, საველე ბანაკებში. გეგმის მიხედვით". – თქვა პრიგოჟინმა.

უცნობია, თუ რა გეგმას გულისხმობს ევგენი პრიგოჟინი.

აქამდე ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ქვეყნის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტსა და ევგენი პრიგოჟინს შორის იშუამდგომლა და მოლაპარაკებები გამართა. ცნობის მიხედვით, მათ მიაღწიეს დეესკალაციის შეთანხმებას.

23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრებოდა. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ძალები აკონტროლებენ დონის როსტოვისა და ვორონეჟის ადმინისტრაციულ შენობებს.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

ვლადიმირ პუტინმა მოვლენებს ღალატი, აჯანყება უწოდა და 1917 წლის მოვლენებსაც შეადარა. ის პირობას დებდა, რომ დამნაშავეებს დასჯიდა.

კომენტარები