რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იარაღი, რომელსაც უკრაინას მივცემთ, შესაძლოა, ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენონ – ნეთანიაჰუ

ბენიამინ ნეთანიაჰუ
www.today.com

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Jerusalem Post-თან ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ისრაელი უკრაინას იარაღს არ აწვდის. 

"მე ვფიქრობ, რომ ისრაელი თავისებურ სიტუაციაშია, განსხვავებულად, ვთქვათ, პოლონეთის, გერმანიის ან საფრანგეთის ან დასავლეთის რომელიმე ქვეყნისგან, რომელიც უკრაინას ეხმარება. პირველ რიგში, რუსეთთან ახლო სამხედრო საზღვარი გვაქვს. ჩვენი მფრინავები დაფრინავენ რუსი პილოტების გვერდით სირიის ცაზე და, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ჩვენი მოქმედების თავისუფლება ირანის მცდელობების წინააღმდეგ, გაიმყაროს სამხედრო ძალა ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე". - თქვა ნეთანიაჰუმ. 

ამასთან ერთად, პრემიერმინისტრმა თქვა, რომ უკრაინისთვის გადაცემული იარაღი ისრელის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ.

"მეორე, ჩვენ ასევე გვაშფოთებს, რომ ნებისმიერი სისტემა, რომელსაც ჩვენ უკრაინას გადავცემთ, გამოყენებული იქნება ჩვენ წინააღმდეგ, რადგან ისინი შეიძლება მოხვდნენ ირანის ხელში და ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენონ და სხვათა შორის, ეს არ არის თეორიული შესაძლებლობა. ეს რეალურად მოხდა დასავლურ ტანკსაწინააღმდეგო იარაღთან დაკავშირებით, რომელსაც ახლა ჩვენს საზღვრებზე ვპოულობთ. ამიტომ აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ". - აღნიშნა მან. 

ისრაელის პრემიერმინისტრის თქმით, ისრაელი აშკარად წუხს უკრაინაში მომხდარ ტრაგედიასა და ადამიანთა დანაკარგზე და ომის დასრულება მათაც სურთ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ისრაელის მოქმედების დაბალანსებული გზა სწორია, რადგან საერთაშორისო საქმეებში წინდახედულობა მნიშვნელოვანია. 

კომენტარები