ბადრი ესებუას საქმე

ესებუას მტკიცებით, ბანკზე თავდასხმის დღეს სასაფლაოზე გაჰყვა მეზობელს, რომელიც გარდაცვლილია

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუა სასამართლო სხდომაზე ამტკიცებს, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს ბანკში არ შეჭრილა და სასაფლაოზე იყო მეზობელთან ერთად, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის.  

"1-2 საათით ვიყავი გასული სახლიდან, მაგრამ სოფლიდან არ გავსულვარ. გამომიარა მეზობელმა, სასაფლაოზე მიდოდა და მეც გავყევი სასაფლაოზე. ეგ მეზობელი ახლა ცოცხალი არ არის, სიმართლე რომ გითხრათ. [...] სასაცილოა ეს, ცოცხალი რომ არაა ადამიანი?! სავარაუდოდ, დეკემბერში გარდაიცვალა, იმ წლის დეკემბერში, რა". - ამბობს ბადრი ესებუა. 

ბადრი ესებუა ამტკიცებს, რომ 21 ოქტომბრამდე "ფრთხილად იყო", რადგან ქალაქში გასულს პოლიციელები სულ აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ. მისივე სიტყვებით, პოლიციას მისი ვინაობა მოქალაქემ თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ შეატყობინა. ესებუას თქმით, იმ პერიოდში, როდესაც პოლიცია ეძებდა, ქვეყანა არ დაუტოვებია და იყო აფხაზეთშიც.  

ესებუას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით მიმდინარეობს. 5 აპრილს სასამართლომ მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლზე (236-ე მუხლი) 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. .

დავა გრძელდება 150-ე (იძულება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუა 2023 წლის 8 თებერვალს დააკავა. მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, თავდამსხმელის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ბადრი ესებუასთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. ის ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" – მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ. აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ იყო. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ 2020 წელს დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

კომენტარები