ბადრი ესებუას საქმე

პროკურატურა ესებუას საქმეზე განაჩენს სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა ბადრი ესებუას საქმესთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

"სასამართლოში დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებულმა ბრალდებულმა ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი აიძულა იგი ზუგდიდში განთავსებულ სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრთან მიეყვანა. ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და შენობაში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით იქ მყოფი მოქალაქეები და ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანა დააიძულა მის მოთხოვნებს დამორჩილებოდნენ. ბრალდებულმა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირებით ხელისუფლების ორგანოებს მისთვის 500 000 აშშ დოლარის გადაცემა და შენობის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა მოსთხოვა. თავდამსხმელი ცდილობდა საზოგადოებაში მასობრივი პანიკის და შიშის დანერგვით ხელისუფლების ორგანოები იძულებული გაეხადა მის მიერ დაყენებული მოთხოვნები შეესრულებინა.

[...] ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად და სახედ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა".- ვკითხულობთ განცხადებაში. 


საქართველოს ბანკზე თავდამსხმელ ბადრი ესებუას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე ბებიამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

23 ივნისის სხდომაზე სასამართლომ ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო ტერორისტული აქტის მოწყობისთვის და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებისთვის. აქამდე, ბადრი ესებუას მისჯილი ჰქონდა 4-წლიანი პატიმრობა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. შეკრებითობის პრინციპით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა წინა სასჯელი და საბოლოოდ, მსჯავრდებულს ჯამურად 13 წელი მოუწევს ციხეში გატარება. 

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, თავდამსხმელის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ბადრი ესებუასთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. ის ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" – მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ. აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის მხოლოდ 2023 წლის თებერვალში დააკავეს.

 

 

კომენტარები