ბადრი ესებუას საქმე

ბადრი ესებუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბადრი ესებუა

საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაცია ტაბულას სასამართლოში დაუდასტურეს.

ესებუას წინააღმდეგ გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით მიმდინარეობდა. სასამართლომ ესებუას პატიმრობა 236-ე მუხლის (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) გათვალისწინებით მიუსაჯა.

დავა გრძელდება 150-ე (იძულება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანა) მუხლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუა 2023 წლის 8 თებერვალს დააკავა. მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, თავდამსხმელის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ბადრი ესებუასთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. ის ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" – მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ. აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ იყო. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ 2020 წელს დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

კომენტარები