ნიკა გვარამიას შეწყალება

მედიის ადვოკატირების კოალიცია შეწყალებაზე: პოზიტიურ როლს შეასრულებს ევროინტეგრაციის გზაზე

მედიის ადვოკატირების კოალიცია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება. მათი შეფასებით, გადაწყვეტილება პოზიციურ როლს შეასრულებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. 

"მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას.

კოალიცია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით უსამართლოდ მსჯავრდადებული მედიის მენეჯერის ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრესის თავისუფლებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლების - გამოხატვის თავისუფლების - დასაცავად, და პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

მედიის ადვოკატირების კოალიცია ულოცავს პირადად ნიკა გვარამიას, მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს ნიკას გათავისუფლებას.

დარწმუნებული ვართ, რომ ნიკა გვარამია მალე დაუბრუნდება მედიის სფეროს და განაგრძობს თავის პროფესიულ საქმიანობას". - წერია განცხადებაში. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობის 402-ე დღეს შეიწყალა.  

"გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპრიებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც დღეს ვიყენებ.

მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ევროპარლამენტში ვთქვი - ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები